გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით თბილისში ბიზნესფორუმი ჩატარდა.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნეს.
„საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკასთან როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, მით უფრო დღეს, როდესაც საქართველო იმყოფება ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ევროკავშირის მხრიდან. ამ პროცესში ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სახელმწიფო უწყებებს შორის პარტნიორობის გაძლიერების პარალელურად, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გაღრმავდეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ვფიქრობ, დღევანდელი ბიზნესფორუმი და ჩეხეთის დელეგაციის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე, პრიორიტეტული მიმართულებებით სამინისტროებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკისთვის სტრატეგიული პარტნიორია:
„მივესალმებით საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ეს გზა ჩვენც გავიარეთ და ვიცით, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით, იქნება ეს ნარჩენების მართვა, წყლის ხარისხის უზრუნველყოფა, ცირკულარული ეკონომიკის განვითარება და ა.შ. საქართველო ჩვენთვის ახალი ბაზარი არ არის, ჩეხი ბიზნესმენები აქ სხვადასხვა მიმართულებით უკვე საქმიანობენ, მაგრამ გვსურს, ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს. ვფიქრობ, ეს ფორუმი შედეგიანი იქნება“.
ბიზნესფორუმს ჩეხეთის მხრიდან ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, საკანალიზაციო სისტემების, ჰაერის კონდიცირების, ზეთის, გაზისა და წყლის ინდუსტრიის, ნარჩენების მართვის და სხვა მიმართულების ბიზნესის წარმომადგენლები.