„შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, ეს უკვე განმეორებით ხდება. სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „რუსული გადაწყვეტილება“ უწოდა. ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა დაელაპარაკოს ესტონელ, ლატვიელ თუ ლიტველ კოლეგებს? რომელ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე შეიძლება ჰქონდეს მათთან საუბარი?“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის მიერ ევროპის ქვეყნებში ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს „შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს და იაროს, სადაც მას სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს, ვინაიდან, მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს“.
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა
„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც პრეზიდენტი უხეშად, საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას და ეს უკვე განმეორებით ხდება. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დაცვის და კანონის დაცვის მაგალითი უნდა იყოს, როდესაც თავად დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის მიერ დაწესებულ წესებს, ამით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი თავის თავს კონსტიტუციის მიღმა აყენებს. სამწუხაროა, ასეთი ქმედებები, მაგრამ ნუ, ესეც ჩვენი სამწუხარო რეალობაა.
რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობდით სინამდვილეში ბოლო დღეებში დადასტურდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციით, მათ შორის, სულ ბოლო განცხადებით. მან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „რუსული გადაწყვეტილება“ უწოდა.
ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა დაელაპარაკოს ესტონელ, ლატვიელ თუ ლიტველ კოლეგებს?
თუკი საქართველოში კონსტიტუციური ორგანო – ეროვნული ბანკი, მისი შეფასებით, „რუსულ გადაწყვეტილებებს“ იღებს, რომელ ლობიზმზე და კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე შეიძლება ჰქონდეს მათთან საუბარი. სწორედ ამას ამბობდა მთავრობა და ამიტომაც არ აძლევდა ვიზიტებზე თანხმობას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. საპასუხოდ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.
პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას 3 ოქტომბერს განიხილავს.
სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.