LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

146
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინება ეხება ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და „ქართული ოცნების“ სულ 80 წევრის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხს.

საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით განიხილავს.

„განხილვის საგანია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზედაც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

magti 5g