სოფელ კირბალში, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა ნიკოლოზ გინტური აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია მკვლელების ვინაობა და საქართველოსთვის მათ გადმოცემას ითხოვენ.
„მოვიდა ინფორმაცია, რომ მკვლელი ეს ორი ადამიანია. სურათები მაქვს. კოკოევმა რაც უნდა თქვას, კოკოევმა უნდა გაამართლოს თავისი სამხედრო, ჯარი და პოლიცია. არიან სამხედრო დამნაშავეები და მოვითხოვ მათ დასჯას. უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლონ. 2008 წლის ომის მონაწილე იყო, მოუწყვეს ჩასაფრება და ჩაცხრილეს,“ – განაცხადა სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, მოკლულის ოჯახს კუთვნილი ავტომანქანა გუშინ გადასცეს. მასზე ნატყვიარი და სისხლის კვალია.
“ხომ იციან ვინაა ჩემი ძმის მკვლელები?! არც მაგათ დასჯიან” | თამაზ გინტურის ძმა
“არიან სამხედრო დამნაშავეები, მოვითხოვ დასჯას, ხელისუფლებიდან, გამოძიებიდან არავინ დამკავშირებია” | თამაზ გინტურის ძმა
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.