LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წარმოადგენს დიაბეტური ტერფი და კონკრეტულად რა გართულებებს გულისხმობს – ვახტანგ ტატიშვილი და ლევან გოგლიაშვილი გადაცემაში „პულსი“

230
ვახტანგ-ტატიშვილი

15 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგები ვახტანგ ტატიშვილი და ლევან გოგლიაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც მეტად მწვავე და აქტუალურ თემაზე – დიაბეტურ ტერფსა და მის პრევენციაზე ისაუბრეს.

– ბატონო ვახტანგ, დიაბეტური ტერფი – დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულებაა, რომელიც მეტწილად არაკეთილსაიმედო პროგნოზით ხასიათდება. საინტერესოა, რას წარმოადგენს დიაბეტური ტერფი და კონკრეტულად რა გართულებებს გულისხმობს?

– დიაბეტი მართლაც ძალიან ვერაგი დაავადებაა, რადგან მხოლოდ მისი მართვა შეიძლება და არა სამუდამოდ დამარცხება, დიაბეტური ტერფი კი, მისი ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა, რომელიც რამდენიმე სიმპტომურ კომპლექსს – ნეიროპათიას ანუ ნერვული დაბოლოებების დაზიანებას, ქრონიკულ არტერიულ უკმარისობას და დიაბეტურ წყლულს აერთიანებს, რომელიც ხშირად პაციენტთა უყურადღებობის გამო მწვავდება და ინფიცირდება.

– რა პრევენციული ზომები არსებობს დიაბეტური ტერფის თავიდან ასაცილებლად?

– მართალია, დიაბეტი მძიმე დაავადებაა, მაგრამ როცა პაციენტი სრულად აცნობიერებს საკუთარ პრობლემას, იცის რომ სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს დაავადების გაკონტროლება, მისი ცხოვრება ბევრად უფრო ხარისხიანია, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის. ხშირად პაციენტები არასერიოზულად ეკიდებიან საკუთარ დაავადებას და თავადვე ინგრევენ ჯანმრთელობას, მერე კი, ჩვენ გვაკითხავენ და გვთხოვენ დახმარებას. ძალიან ხშირად მოგვმართავენ უკვე დამძიმებული პაციენტები დიაბეტური წყლულებითა და ნეიროპათიით, როცა ან საერთოდ ან ნაწილობრივ კარგავენ მგრძნობელობას კიდურებში. მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ფიზიკური აქტივობაა, რომელიც ზოგადად ორგანიზმში და განსაკუთრებით ქვედა კიდურებში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არანაკლებ მნიშვნელოვანია დაავადების მუდმივი კონტროლი და სისტემატური ვიზიტი ენდოკრინოლოგთან.

– როგორია მსოფლიო სტატისტიკა, რამდენად განსხვავდება ქართული რეალობა განვითარებულ ქვეყნებში არსებული სიტუაციისგან?

– არსებული მონაცემებით დიაბეტის მსგავსი გამწვავებებით პაციენტთა 15-25%-ს ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ დაავადების გავრცელება ქვეყნის განვითარების დონეზეა დამოკიდებული, საქართველოში დიაბეტური გართულებები საშუალოდ 15%-ს აღწევს, თუმცა პატარა ქვეყნისთვის მსგავსი მაჩვენებელიც ძალიან ბევრია.

– ბატონო ლევან, რამდენად მნიშვნელოვანია დიაბეტური ტერფის დროული დიაგნოსტირება და რა მეთოდები არსებობს მის სამკურნალოდ?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრი სრულადაა აჭღურვილი იმ ტექნიკითა და აპარატურით, რომელიც დიაბეტის გართულებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. რა თქმა უნდა, დიაბეტის მქონე პაციენტისთვის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და განსაკუთრებით დიაბეტური ტერფის დროს, რათა სწორად შეფასდეს ფეხის მდგომარეობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არ ღირს სპეციალისტთან ვიზიტის გადადება თუ პაციენტს ფეხის დაბუჟება, ქავილი და წვა, სიწითლე და სისხლჩაქცევები აქვს, რადგან ნებისმიერი მცირე პრობლემა შეიძლება გამწვავდეს, რაც საბოლოოდ ანთების განვითარებასა და განგრენას გამოიწვევს. ექიმთან ვიზიტისას პირველ რიგში ფასდება ტერფზე კანის მდგომარეობა და სისხლძარღვოვანი ქსელის კომპეტენტურობა, რომლის დაზიანების შემთხვევაში დამატებითი კვლევები ტარდება მისი დეტალურად შესწავლის და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ფეხის ამპუტაცია. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ნებისმიერი პაციენტი უმაღლესი ხარისხის მკურნალობით იქნება უზრუნველყოფილი, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ფსიქოლოგიური სტრესისგან და სწრაფად დავუბრუნოთ ჩვეული ცხოვრების წესს.

– რამდენად საიმედოა მკურნალობა დიაბეტური ტერფის დროულად დიაგნოსტირების შემთხვევაში?

– სამწუხაროდ, დიაბეტიანი პაციენტები მეტწილად თამბაქოს მომხმარებლები არიან, რაც საგრძნობლად ართულებს სიტუაციას. ამასთანავე, უმეტესობა უარს ამბობს სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაზე, რაც საბოლოოდ სავალალო შედეგებს იწვევს, რადგან ვერანაირი  მკურნალობა ვერ იქნება ეფექტური, თუ პაციენტი ძველი ცხოვრების წესით გააგრძელებს ცხოვრებას და უგულებელყოფს ექიმის რეკომენდაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები