ჟესტების ენების შემსწავლელი აპლიკაციის შემქმნელი სტარტაპი Wisp პრეაქსელერატორის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში პროდუქტის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს.
Wisp-ი საქართველოში პირველი პლატფორმაა, რომელიც სმენის არმქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს წერა-კითხვისა და ჟესტების შესწავლაში და კომუნიკაციის ნაპრალების ამოვსებაში დაეხმარება. აპლიკაციის შექმნის იდეა, დაახლოებით, წლინახევრის წინ გაჩნდა, როდესაც დამფუძნებელმა ქართული ჟესტების ენის შესწავლა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. მას შემდეგ Wisp-ის გუნდი, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ამ ჯადოსნური გზის გაკვალვაზე უწყვეტად მუშაობს.
აპლიკაციის მთავარი გმირი, მანათობელი არსება „ვისპი“, აპლიკაციის მომხმარებელს თავის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას და ამ მოგზაურობის პროცესში წერა-კითხვისა და ჟესტების ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივად შესწავლას სთავაზობს. აპლიკაციაში ინტეგრირებული, საგანგებოდ გაწერილი ინტერაქციული დავალებები, რომლებიც ანიმაციების სახითაა წარმოდგენილი, სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანებს ინფორმაციის ადვილად ათვისებაში დაეხმარება. აპლიკაცია მორგებულია ასევე სმენის პრობლემის არმქონე ადამიანებზეც, რომლებსაც ჟესტების ენის შესწავლა სურთ.
Wisp-ი უკვე არაერთხელ დაიტესტა. პოტენციური მომხმარებლის რჩევების შესაბამისად დაიხვეწა აპლიკაციის დიზაინი, ინტერფეისი და ფუნქციები. თუმცა, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, საბოლოო ვერსიის მიღებაში ყველაზე დიდი როლი პრეაქსელერაციის პროექტს მიუძღვის, რომელში მონაწილეობაც სტარტაპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„როცა გავიგეთ, რომ გამოცხადდა მიღება, მაშინვე შევავსეთ განაცხადი, რის საფუძველზეც მოვხვდით პრეაქსელერატორის პროგრამაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ახლა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გავდივარ. პროექტის ფარგლებში სამთვიანმა მუშაობამ დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვა და ძალიან გაგვზარდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურადაც. ბევრი რამის თქმა შემიძლია კონკრეტული, პროფესიული უნარების განვითარებაზე თუ მიღებულ ცოდნაზე, თუმცა ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც აქ გავიცანი და რომლებთან ურთიერთობამაც უნიკალური გამოცდილება შემძინა“, – ამბობს Wisp-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუცა რევაზიშვილი.
პრეაქსელერატორის პროექტში, ინტენსიური სამუშაო პროცესის განმავლობაში, Wisp-ის ბიზნესმოდელი მთლიანად შეიცვალა, დაიბადა ახალი იდეები, ახლიდან დაიგეგმა ტექნიკური ნაწილი. აპლიკაციის საბოლოო ვერსიამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. მანამდე კი Wisp-ის დამფუძნებლები, პრეაქსელერატორის გუნდთან და სხვა ფინალისტ სტარტაპებთან ერთად, ტალინში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამდღიან ბუტკემპში, რის შემდეგაც საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგებიან.
სტარტაპ პრეაქსლერატორი 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და ის ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი ჩაერთო – ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოპოვება მოახერხეს.