პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 91-ე დაბადების დღეს ულოცავენ.
მისალოც წერილში პრემიერი აღნიშნავს, რომ ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს.
„მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91-ე დაბადების დღეს.
ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში.
ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა.
დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“. – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და მისალოც წერილში ამბობს, რომ ეს ღირსშესანიშნავი დღე ჩვენი ქვეყნისთვის ძვირფასია:
„თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!
ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია, გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისთვის.
თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი.
თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული!“. – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილში.
ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი უწმინდესობის ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში.
,,ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს!
ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა უშუალოდ მისგან მიგვეღო უამრავი საჭირო რჩევა, გვესწავლა მოყვასის სიყვარული და პატივისცემა.
მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ვუსურვო მისი სამშობლოს კიდევ არაერთი წარმატება, და უმთავრესად, საქართველოს გამთლიანება, რადგან სწორედ ეს იქნება უწმინდესის უდიდესი ღვაწლის დაფასება.
თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ და გისურვებთ კიდევ დიდ ხანს გეტვირთოთ საქართველოს დედა ეკლესიის მესაჭეობა“. – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.