„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ „ქართული ოცნების“ ახლად არჩეული საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას ეხმიანება.
რომან გოცირიძის განცხადებით, „არა თუ ივანიშვილთან დებატები, „ქართული ოცნების“ საშუალო რანგის ლიდერთან შეხვედრაც კი ვერ მოხდება“.
„წინასაარჩევნოდ ნორმალურ ქვეყნებში ელემენტარული კულტურის და ამომრჩევლის პატივისცემის საკითხია გაიმართოს დებატები. დებატებში, პირველ რიგში, მონაწილეობას უნდა იღებდეს მმართველი პარტიის წარმომადგენელი.
მმართველი პარტიის არაფორმალური ლიდერი კი არა, სალაპარაკოდ „ჭ“ კლასის რომელიღაც დეპუტატი არ დაგიჯდება და არც სახელისუფლებო მედიები დაგითმობენ ოპოზიციას ეთერს.
ისინი ბოიკოტს უცხადებენ დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიებს და დადიან მხოლოდ სახელისუფლებო მედიაში, სადაც ოპოზიციასაც კი არ ეძახიან.
ამიტომ „ქართული ოცნების“ საშუალო რანგის ლიდერთან შეხვედრაც კი ვერ მოხდება, არათუ ივანიშვილთან დებატები. თავისთავად მოთხოვნა, რომ გამოვიდეს ის კაცი, რადგან ნახევრად გამოვიდა ჩრდილიდან და დაჯდეს და იდებატოს ოპოზიციასთან, არის ლოგიკური, მაგრამ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება..
ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ერთხელ ან ორჯერ გამოჩნდეს, ერთხელ მივა პანაშვიდზე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ პანაშვიდზე მისვლა არ მოუწევს და დიდხანს იცოცხლებენ ის ადამიანები, რომელთანაც ივანიშვილი შეიძლება მივიდეს, ორჯერ მივა, ალბათ, ეკლესიაში აღდგომას და ერთხელ თეატრში, დაახლოებით ეს არის ალბათ, ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისათვის, ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნების ახლადარჩეული საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება 11 იანვარს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ზარქუა გახარიას: „გიორგი, ძმაო, დებატებში ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე“