გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით, ესპანეთში, ბარსელონაში, ყოველწლიური მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი (MWC) ჩატარდა, რომელიც მობილურ ბაზარზე არსებული ტენდენციების, სიახლეებისა თუ ინოვაციების გაცნობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ემსახურებოდა. ღონისძიებაში კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მსოფლიო კონგრესი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან 100 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავდა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო, როგორებიცაა მე-5 და მე-6 თაობის მობილური ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები (MVNO), კიბერუსაფრთხოება, მმართველობისა და ინდუსტრიის გაციფრულება, ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული ინკლუზია და სხვა.
ComCom-ის წარმომადგენლებმა, კონგრესის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართეს აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) წევრთან, პორტუგალიის (ANACOM), ჩეხეთის (CTU), ლიეტუვისა (RRT) და ბრაზილიის (ANATEL) მარეგულირებელი ორგანოების თავმჯდომარეებთან, ასევე, ბაჰრეინის (TRA), სინგაპურის (IMDA) და არაბთა გაერთიანებული საამიროების (TDRA) მარეგულირებელი ორგანოების გენერალურ დირექტორებთან და საუდის არაბეთის მარეგულირებლის (SCT) მმართველთან. კომუნიკაციების კომისიის წარმომდგენლებმა კოლეგებს ComCom-ის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს და ერთობლივ ინიციატივებსა თუ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ასევე გამართა სამუშაო შეხვედრა ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებელი ორგანოს (BEREC) 2024 წლის თავმჯდომარესთან, ხორვატიის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (HAKOM) საბჭოს პრეზიდენტთან, BEREC-ის 2023 წლის და 2025 წლების თავმჯდომარეებთან და BEREC-ის ოფისის დირექტორთან. შეხვედრის ძირითად საკითხს ComCom-ის BEREC-ში გაწევრიანება წარმოადგენდა. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ BEREC-მა დაამტკიცა გაწევრიანების მსურველი ქვეყნების განაცხადების შეფასების პროცედურა და კომუნიკაციების კომისია ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისი განაცხადიც ახალი პროცედურის შესაბამისად განიხილება.
ComCom-ის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე იმყოფებოდნენ ესპანეთის მარეგულირებელი ორგანოს ბაზრებისა და კონკურენციის კომისიის (CNMC) სათავო ოფისში, სადაც CNMC-ის საბჭოს წევრს, ტელეკომუნიკაციების მიმართულების დირექტორს და ბაზრის რეგულირების, ბაზრის ანალიზისა და ტექნიკური ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომისიის წარმომადგენლებმა ესპანელ კოლეგებს ისეთი პრიორიტეტული პროექტების თაობაზე გაუზიარეს ინფორმაცია, როგორიცაა ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა, ბაზრის ანალიზის განახლებული მეთოდოლოგია, ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ინტეგრაცია და სხვა. CNMC-ის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, წარმოადგინეს ფართოზოლოვანი ქსელის ფასების შემცირების დირექტივის (BCRD) განხორციელების ესპანური პრაქტიკა, რომელიც ევროკავშირში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს.