LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის თანადამოკიდებულება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

824
ლიკა-კაპანაძე

რა არის თანადამოკიდებულება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლიკა კაპანაძემ ისაუბრა. 

რა არის თანადამოკიდებულება?

სიყვარული ერთ-ერთი ისეთი გრძნობაა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა. თითოეულ ჩვენთაგანს ერთხელ მაინც, ცხოვრებაში უგრძნია ეს სასიამოვნო შეგრძნება და ბევრი სხვადასხვა განცდა განუცდია ამ დროს. მეცნიერები ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორია ჯანსაღი სიყვარული და რით განსხვავდება ის ემოციური დამოკიდებულებისგან, ფსიქოლოგიური ტერმინს თუ გამოვიყენებთ თანადამოკიდებულებისგან.

ამ თემის ცნობილი მკვლევარის მელოდი ბეტის (Melody Beattie) განმარტებით, თანადამოკიდებულია ადამიანი, ვისზეც დიდი გავლენა აქვს სხვის ქცევას და ასევე ის შეპყრობილია ამ ადამიანის ქცევის კონტროლით. რობერტ საბის Robert Subby განმარტებით, თანადამოკიდებულება  არის  ემოციური, ფსიქოლოგიური, და ქცევითი მდგომარეობა, რომელიც განვითარდა ადამიანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გავლენის მქონე რეპრესიული წესების შედეგად – წესების, რომლებიც კრძალავს გრძნობების გახსნილად გამოხატვას, ასევე პირადი და ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემების ღიად განხილვას.  

თანადამოკიდებულება, როგორც ტერმინი, 1970-იანი წლებიდან  შემოვიდა ფსიქოლოგიურ ლექსიკაში. ის ალკოჰოლდამოკიდებულებთან და ნარკოდამოკიდებულებთან ერთად მცხოვრებ პირთა  ფსიქოლოგიური შედეგების შესწავლის შედეგად წარმოიშვა და შეცვალა ტერმინი კოალკოჰოლიზმი, პარაალკოჰოლიზმი.  ფართო გაგებით, თანადამოკიდებულად  შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც პათოლოგიურად არის მიჯაჭვული სხვაზე, მაგალითად მეუღლეზე, შვილზე, მშობლებზე, ზედმეტად ჩართულია მის ცხოვრებაში, მოცულია მისი პრობლემებით და საქმეებით.

როგორ შეიძლება ამოვიცნოთ თანადამოკიდებულების ფენომენი?

თანადამოკიდებული ადამიანები განიცდიან  ზრუნვის გადაჭარბებული მოთხოვნილებას, მათ ახასიათებთ  მორჩილი და მიჯაჭვული ქცევა მიტოვების შიშის გამო, რაც შესაძლებელია გამოიხატოს შემდეგში: 

  • ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების სირთულე  სხვის რჩევის და დასტურის გარეშე;
  • მუდმივად სჭირდებათ სხვა  რათა გაიზიაროს მისი პასუხისმგებლობა;
  • სხვასთან არ დათანხმების შემთხვევაში, უარყოფის შიში;
  • სირთულე, სხვების გარეშე, დამოუკიდებლად დაიწყოს რაიმე პროექტი;
  • სხვებისგან ზრუნვის და მხარდაჭერის მიღების გადაჭარბებული მოთხოვნილება, უარყოფის და უარის მიღების რისკის შემთხვევაში,  უფლებას აძლევს სხვებს თავს მოახვიონ თავიანთი გავლენა;
  • ·მარტო ყოფნისას თავს გრძნობენ მოწყვლადად და უსუსურად;
  • ერთი ურთიერთობის დასრულებისას, განუწყვეტლივ ეძებენ სხვა ურთიერთობას;
  • არარეალური შიში მარტო ყოფნისა და საკუთარ თავზე ზრუნვის მიმართ. 

განასხვავებენ თანადამოკიდებული ურთიერთობის რამდენიმე ტიპს:  

  • პირველი ხასიათდება საკუთარ საზღვრებზე უარის თქმით და პარტნიორში მთლიანად შერწყმით. ის აღმერთებს თავის პარტნიორს და მთელ თავის ცხოვრებას მას უძღვნის. მისი ყველა ინტერესი, ფასეულობა, შეხედულება, რწმენა, აღებულია პარტნიორისგან და მხოლოდ მას თვლის ჭეშმარიტებად. ასეთ ურთიერთობაში თანადამოკიდებული მთელ პასუხისმგებლობას თავის ცხოვრებაზე პარტნიორს აბარებს და თვითონ პასიურ როლშია. 
  • მეორე ვარიანტი არის პარტნიორის სრული დამორჩილება და მისი ფსიქოლოგიური განადგურება. თანადამოკიდებული თვლის, რომ ის პარტნიორზე ბევრად უკეთესია, ის მას ეკუთვნის და მისგან სრულ მორჩილებას მოითხოვს.  შესაძლებელია გამოიყენოს ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა მის მიმართ. მისი პიროვნების  დანგრევით, თანადამოკიდებული  ცდილობს თავისი ბავშვობის მძიმე განცდებისგან გათავისუფლდეს. პარტნიორი ასეთ ურთიერთობაში თანადამოკიდებულს ემორჩილება და ხელს უწყობს მას, რომ ის  დარწმუნდეს საკუთარ ყოვლისშემძლეობაში. თანადამოკიდებული პარტნიორს თავის პირადი მიზნებისთვის იყენებს. 
  • მესამე ვარიანტი ხასიათდება პარტნიორის სარკისებრი ასახვით. ის აკისრებს  პარტნიორს  სრულ პასუხისმგებლობას თავის კეთილდღეობაზე და ითხოვს მისგან თავისი მნიშვნელოვნებისა და იდეალურობის მუდმივ დადასტურებას. პარტნიორი არის თანადამოკიდებულისთვის „სარკე“, რომელშიც ის თავის თავს ხედავს. მაგრამ პარტნიორს არ შეუძლია მუდმივად გამოიცნოს თანადამოკიდებულის სურვილები და ასევე არ შეუძლია მუდმივად აღფრთოვანებული იყოს მისით. შედეგად, ის განიცდის მუდმივ იმედგაცრუებას და ცდილობს იპოვოს ახალი „სარკე“, რომელიც მას დააკმაყოფილებს, ან იყენებს მანიპულაციებს, ზეწოლას, სკანდალს, შანტაჟს და ამ ხერხებით ცდილობს მიიღოს პარტნიორისგან სასურველი რეაქცია. 

რა არის თანადამოკიდებულების მიზეზი?

თანდამოკიდებულების ფენომენი ახსნას ისევ ბავშვობასთან მივყავართ. დაბადებიდან 2 – 3 წლამდე ბავშვს ყველაზე რთული ფსიქოლოგიური ამოცანის შესრულება უწევს, ის დედასთან ნდობაში შედის. თუ ბავშვმა საკმარისად დაცულად იგრძნო თავი და ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა, მაშინ ის მეორედ, ფსიქოლოგიურად იბადება. ამ დროს ბავშვი დედისგან ფსიქოლოგიურ დამოუკიდებლობას სწავლობს.  ბავშვი თავის შინაგან ძალას გრძნობს და შეუძლია სხვის გარეშე თავისი თავის მართვა, იგი იღებს პასუხისმგებლობას თავის საქციელზე, გრძნობებისა და სურვილების გამოხატვაზე. თუ ეს სტადია არ სრულდება, მაშინ ბავშვი ხდება ფსიქოლოგიურად დამოკიდებული სხვებზე და თავისი „მეს“ გამოკვეთილი განცდა არ გააჩნია. 

ამ თემაზე მსჯელობისას გვერდს ვერ ავუვლით ნორვუდ რობინის ცნობილ წიგნს „ქალები, რომელთაც ზედმეტად ძლიერ უყვართ“, მე ასეც ვთარგმნიდი სათაურს, „ქალები, რომელთაც უყვართ თავდავიწყებით“. წიგნი გაჯერებულია ფსიქოთერაპიული შემთხვევებით, რომლებიც  ქალების  მძიმე სასიყვარულო განცდებითა და დრამატიზმით სავსე ისტორიებს მოგვითხრობს.  როგორც შესავალში ვკითხულობთ: „წიგნი არის მცდელობა გავერკვეთ, თუ  რატომ ხდება ისე,  რომ ქალები, რომლებიც ეძებენ ადამიანს,  რომელიც მას შეიყვარებდა, პოულობენ პარტნიორს, რომელსაც ის არ უყვარს და მეტიც, ის სრულიად აუტანელია.”   წიგნში მოყვანილი შემთხვევები, ცხადად აჩვენებს, რომ პარტნიორის მიმართ სიყვარული, სწორედ მაშინ ძლიერდება, როცა ის არ აფასებს ან საკმარის ყურადღებას არ უთმობს ქალს. მეტიც, ყველაფრის მიუხედავად,  მასთან დაშორება პრაქტიკულად შეუძლებელია და  მისდამი  მიჯაჭვულობა და მიზიდულობა კიდევ უფრო მძლავრი ხდება. სწორედ ამას ვხედავ, ხოლმე ჩემი პრაქტიკის დროსაც, რაც უფრო მეტად მძიმე განცდებს იწვევს ქალში ეს მამაკაცი, მით უფრო მეტად ებღაუჭება ის თავის პარტნიორს და მეტად დამოკიდებული ხდება მასზე. მოთხოვნილება გვიყვარდეს და თვითონ სიყვარულიც, დამოკიდებულებად გადაიქცევა.“- ვკითხულობთ წიგნში. 

და მაინც როგორია თანადამოკიდებული ქალი და რა ნიშანთვისებებით შეგვიძლია ამოვიცნოთ ის.

  • დისფუნქციურ ოჯახში გაზრდილი ქალი, რომელმაც ვერ შეძლო შეეცვალა თავისი მშობლები და ეძებს პარტნიორს, რომელსაც შეცვლის 
  • ახასიათებს მიტოვების მძლავრი შიში
  • განუზომლად დიდი მოთმინება და თავდადება პარტნიორის მიმართ
  • დაბალი თვითშეფასება 
  • არ გააჩნია პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე 
  • დეპრესიისა და შფოთვისკენ მიდრეკილება 
  • არ იზიდავს კეთილი და სანდო მამაკაცები 
  • იტანჯება მამაკაცზე ემოციური დამოკიდებულების ტკივილით
  • ნარკოტიკის, ალკოჰოლის, ზოგიერთი საკვების ჭარბად მოხმარების მიდრეკილება;  

ნორვუდ რობინი წიგნში ავითარებს მოსაზრებას, რომ ქალები, რომელთაც თავდავიწყებით უყვართ, სიყვარულს ნარკოტიკის მსგავსად იყენებენ. ისინი ნარკომანის მსგავსად, უარყოფენ დამოკიდებულებას და  ეშინიათ საყვარელ მამაკაცზე  და მღელვარე ემოციებზე უარის  თქმის. თუმცა, ბევრი წვალებისა და განცდების შემდეგ, როგორც წესი, დგება მომენტი, როცა ისინი აცნობიერებენ დამოკიდებულების სიძლიერეს და ხვდებიან, რომ მოხვდნენ მათთვის ჩვეულ როლურ მოდელში, რომელსაც ისინი ვერ მართავენ. ავტორი წერს, რომ ქალს ასეთი ურთიერთობები კოკაინისა და სხვა ძლიერი სტიმულატორების მსგავსად,  ეხმარება, ცოტა ხნით მაინც ყურადღება გადაიტანოს, დაივიწყოს და შენიღბოს თავისი დეპრესია. ძლიერ სასიამოვნო ან უსიამოვნო მღელვარების განცდისას ადამიანი პრაქტიკულად ვერ გრძნობს დეპრესიას, რადგან  ორგანიზმში ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ადრენალინი. შესაბამისად მაღალი აღგზნების და ხშირი ზემოქმედების შედეგად, სუსტდება  რეაგირების უნარი, რაც იწვევს ღრმა დეპრესიას, რომელსაც ემოციურთან ერთად ფიზიკური საფუძველიც გააჩნია. თანადამოკიდებული იტანჯება ურთიერთობაში, მაგრამ კიდევ უფრო ტანჯავს მიტოვების შიში, რადგან არ იცის როგორ გაუძლოს გამოწვეულ სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს. გამოჯანმრთელებისთვის მას აუცილებლად სჭირდება საყრდენი, რომელიც  მტანჯველი შეგრძნებების გადატანაში დაეხმარება.

ხშირად ეს საყრდენი არის ფსიქოთერაპია ან ჯგუფური თერაპია, სადაც ხდება თანადამოკიდებულის   საკუთარი მე-ს ფსიქოლოგიური დაბადება და განვითარება, რაც პიროვნების ფსიქოლოგიური დაბადების საფუძველია. 

ნიშნები იმისა, რომ ადამიანი იწყებს გათავისუფლებას თანადამოკიდებულებისგან:

  • ნაკლებად ნერვიულობს იმაზე, თუ რას იტყვიან მასზე სხვები. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია თვითონ  რას ფიქრობს საკუთარი  თავის შესახებ;
  • მცირდება მუდმივად ვიღაცის გადარჩენის მოთხოვნილება
  • ადამიანი აღარ ამართლებს მის მიმართ სხვების დაუდევარ ქცევას 
  • რწმენა იმისა, რომ სიყვარული აუცილებლად უნდა დაიმსახურო, სადღაც ქრება 
  • პიროვნება იწყებს პირადი საზღვრის დაწესებას
  • ადამიანი აკონტროლებს მხოლოდ იმ გარემოებებს, რისი კონტროლიც რეალურად შეუძლია 
  • გარემოში არსებული სტრესფაქტორებისადმი მეტად რეზისტენტული ხდება. 
magti 5g