LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფილმი რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს მიეძღვნება… ძალიან საინტერესო აღმოჩნდა გადაღებები“ – რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე გადაცემაში „არტ-FM“

564
გიორგი-ჭუმბურიძე

19 მარტს რადიო „ფორტუნასა“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა, რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ საკუთარ ბოლო ნამუშევარზე – რობერტ სტურუაზე შექმნილ ფილმზე „რობიკოს მასტერკლასზე“ ისაუბრა, რომლის პრემიერა 20 მარტს გაიმართება რუსთაველის ეროვნულ თეატრში.

ფილმი რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს მიეძღვნება. მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ, როცა ბატონი რობერტი მეტად საინტერესო ტრაგედიას „პრომეთეს“ დგამდა. სწორედ სპექტაკლის მოსამზადებელი სამუშაოები, რეჟისორის მსახიობებთან მუშაობის პროცესი და საბოლოო შედეგი ასახა ფილმმა. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა გადაღებები, რადგან ბატონ რობერტთან მუშაობა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა. ძალიან ბევრი ვისწავლე და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე, მით უფრო, რომ იმ დეტალებსა და წვრილმანებში გავერკვიე, რომლებზეც მანამდე არასდროს მიფიქრია.

საკმაოდ რთული იყო ფილმზე მუშაობა, რადგან ბატონ რობერტს არ უყვარს, როცა ხელს უშლიან და დისკომფორტს უქმნიან. მაქსიმალურად ვცდილობდი შეუმჩნევლად მემუშავა და ნაკლებად მიმექცია ყურადღება. უზარმაზარი მასალა მოვაგროვე 5-თვიანი გადაღებების შედეგად, რომელმაც თითქმის 60 საათი შეადგინა. მართალია, ძალიან გამიჭირდა დამონტაჟება და საუკეთესო ეპიზოდების შერჩევა, მაგრამ მეგობრების წყალობით მაინც შევძელი 52-წუთიანი ფილმის გაკეთება. მიხარია, რომ ნებისმიერი მსურველი შეძლებს ჩემი ნამუშევრის ნახვას, რადგან პრემიერაზე დასწრება თავისუფალია. 

ოთხი სცენარით ვსტუმრობდი წლევანდელ ,,ბერლინის კინოფესტივალს”, სადაც უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვდი რეჟისორებისა და პროდიუსერების ჩათვლით. დატვირთული, თუმცა ძალიან ნაყოფიერი კვირა გავატარე გერმანიაში, რადგან ბევრი საინტერესო შეთავაზება მივიღე. მიხარია, რომ სერიოზულად დაინტერესდნენ ერთ-ერთი სცენარით, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობ ფილმის გადაღებას.

მალე კიდევ ერთი დოკუმენტურ ფილმის პრემიერა შედგება, რომელზეც ახლა ვმუშაობ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. მიხარია, რომ რეჟისორებს მასიურად მოგვეცა დოკუმენტურ კინოში მუშაობის საშუალება, რაც სწორედ კულტურის სამინისტროს დამსახურებაა.

მართალია რამდენიმე ათეული ფილმი გადავიღე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც „მუშკეტერის თბილისი“ მიყვარს, რომელშიც ალექსანდრ დიუმა ნიკოლოზ ქაცარიძემ განასახიერა. სამწუხაროდ, ნიკოლოზი ვერ მოესწრო ფილმის პრემიერას, რითაც ყველას გული დაგვწყვიტა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და საოცარი ნოსტალგიით მახსენდება ფილმზე მუშაობის პერიოდი. ფილმი ალექსანდრ დიუმას საქართველოში, მათ შორის თბილისში მოგზაურობას მიეძღვნა, რომელმაც უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანგ კლასიკოსზე.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g