LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: „ღმერთო, რა დიდებული დღეა! როგორ ლამაზად და სხვანაირად ამოკაშკაშდა მზე, რომელსაც ჩვენსავით მოუნდა გამარჯვების სიხარულის გაზიარება – რამდენი თაობის ნატვრა ახდა, რამდენი ადამიანის სიხარულის ცრემლების მიზეზი გახდა“

175
გოგა ჩანადირი

„ღმერთო, რა დიდებული დღეა! როგორ ლამაზად და სხვანაირად ამოკაშკაშდა მზე, რომელსაც ჩვენსავით მოუნდა გამარჯვების სიხარულის გაზიარება“, – წერს სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ემოციურ პოსტს უძღვნის:

„ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელიც კი იყო, დღეს კი სინამდვილეა, რომ ჩვენ ევროპირველობაზე გავედით.

რამდენი თაობის ნატვრა ახდა, რამდენი ადამიანის სიხარულის ცრემლების მიზეზი გახდა.

არადა, მანამდე რამდენი გულისტკენა, წყენა და იმედგაცრუება იყო.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საფეხბურთო წარმატებაა ეს.

გმადლობთ, ბიჭებო!

თქვენ ეს შეძელით.

„ქართული სიხარული ძნელად იბადება და ასე დრამატულად, სამაგიეროდ, მერე ლაღდება და თვეებს უძლებს – 1981-ის სიხარულიც ხომ ეგეთი გრძელი გამოდგა და როგორც იქნა, 13 მაისის შემდეგ ახალი თარიღი მოინიშნა“ – გიორგი კეკელიძე

არასდროს დამავიწყდება 11-მეტრიანის ნიშნულიდან კვეკვესკირის ცოტა არადამაჯერებელი გამორბენი და წერტილის დამსმელი გოლი ბერძნების კარში, რომლებმაც 2004 წელს მოიგეს კიდეც ევროპის პირველობა.

ოო, ან მამარდას პირველივე მოგერიებული პენალტი დამავიწყდება როდესმე?

ამ ყველაფერს კარის უკნიდან ვუყურებდი, ცოტა ჩახშობილი განცდებითაც კი.

მამარდას მოგერიება იყო ნაკრებისთვის საკვანძო მომენტი.

ჯვაროსნები წინ გავიდნენ ქოჩორაშვილის დამაჯერებელი პენალტით. ეს ბიჭი ისედაც მთელი თამაში იყო დამაჯერებელი და გმირულად და ბრწყინვალედ იბრძოდა.

მიქაუტაძემ რომ გააფუჭა დარტყმა, ქართველობა მაინც არ შეშინდა.

მერე რა მოხდა ბოლო პენალტის გატანის შემდეგ? იხუვლა სტადიონმა და ქომაგები მინდორზე შეცვივდნენ, რათა პირადად შეხებოდნენ ნანატრ ბედნიერებას.

უნდა გენახათ, როგორ ნაკუწებად გლეჯდნენ კარის ბადეებსა და მინდვრის ბალახს, სამახსოვროდ რომ წაეღოთ.

ეს იყო „დინამოს“ სტადიონზე მიღწეული ყველაზე დიდი წარმატება ქართულ ფეხბურთში.

კიდევ ერთხელ მადლობა ფეხბურთელებს, მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს, ფეხბურთის ფედერაციასა და გულშემატკივრებს, ერთი წამითაც რომ არ შეუწყვეტიათ ქომაგობა.

ვინ იცის, რამდენმა ქართველმა შესთხოვა უფალს ჩვენი ნაკრების გამარჯვება და უზენაესმა შეისმინა.

ასევე ნახეთ

„ჭირში და ლხინში სიხარული სხვადასხვანაირია, ჭირში გვერდით დადგომა ადვილია და ლხინში რომ ადამიანს გვერდით დაუდგე, ძნელია.“

ჩვენ აღარ დავკმაყოფილდებით მხოლოდ ევროპაზე გასვლით, ჩვენ გვინდა, რომ ქვეჯგუფიდანაც გავიდეთ, გვინდა, რომ მსოფლიოზეც გავიდეთ, გვინდა, რომ დიდ ფორუმებზე ასპარეზობა ჩვეულებრივი ამბავი გახდეს და კლუბებმაც იყოჩაღონ.

რატომაც არა?

როცა ქვეყანა გიყვარს, როცა ქვეყნისთვის გულიანად იხარჯები, შენ ვერავინ დაგამარცხებს, შენ სულ გამარჯვებული იქნები.

არასდროს დამავიწყდება 2024-ის 26 მარტი.

ვიყინებოდი, ისე ციოდა სტადიონზე. ვიჯექი ფოტოგრაფისთვის გამოყოფილ სკამზე გაუნძრევლად. მაძაგძაგებდა. ფოტოაპარატს ძლივს ვიჭერდი. ლამის სასწრაფოს და სახანძროს ეკიპაჟებს ვთხოვე გასათბობად კაბინაში ცოტა ხნით დაჯდომა. თუმცა, ვიუარე. დაე, მციოდეს და არ გამოვტოვო ჩაკვეს და და კვარაოქროს შედევრები-მეთქი.

გუშინ გავიყენე. დღეს კი გავთბი იმ მზით, ლამაზად და სხვანაირად რომ ამოკაშკაშდა ამ დილით, რომელსაც ჩვენსავით მოუნდა გამარჯვების სიხარულის გაზიარება.

ღმერთო, რა დიდებული დღეა!“ – წერს გოგა ჩანადირი.

ღმერთო, რა დიდებული დღეა! როგორ ლამაზად და სხვანაირად ამოკაშკაშდა მზე, რომელსაც ჩვენსავით მოუნდა გამარჯვების სიხარულის…

Posted by გოგა ჩანადირი on Tuesday 26 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g