79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი ავრცელებს.
„ძალიან დამწყვიტე გული ბადრი! რა დროს შენი წასვლა იყო? როგორ გიყვარდა სიცოცხლე, ცხოვრება, ადამიანები… სიტყვებს ვერ ვპოულობ… რამდენი ადგილი შემოგვივლია, რომ ძვირფასი კადრები აღგებეჭდა, ადამიანები გაგეხარებინა. შენ წახვედი, მაგრამ დარჩა შენი გასაოცარი ფოტოები, ამბები, ალბომები და უამრავი ადამიანის სიყვარული… ბადრი, ნათელში იყავი… სულ მემახსოვრები კარგო ადამიანო…“ – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.
ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად. 1998-2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 1994-1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში(თურქეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი). არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი, 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მსოფლოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში, ათენში და სხვ.
