LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემომძახებდა ხოლმე, ბელადო, აბა, წავედითო და მივდიოდით ხან სად და ხან სად” – რას წერს გოგა ჩანადირი ბადრი ვადაჭკორიაზე

109
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გარდაცვლილ კოლეგას, ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას ემოციური სიტყვებით იხსენებს. მის მოგონებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მათ ერთად მოგზაურობებს და ბადრის სიყვარულს ფოტოგრაფიის მიმართ.

„შემომძახებდა ხოლმე, ბელადო, აბა, წავედითო და მივდიოდით ხან ფიტარეთში, ხან სტეფანწმინდაში, ხან სამცხე-ჯავახეთში, ხან სად და ხან სად. ყოველ ყვითელ შემოდგომას შატილში ავდიოდით ხოლმე. ქალბატონი ნანა გვმასპინძლობდა გემრიელობებით. შატილის და პირიქითა ხევსურეთის ფერები მოსწონდა განსაკუთრებით და კიდევ მტკვრის ხეობისა ბორჯომი-ახალციხის მონაკვეთზე.

რაღაცნაირად მოუსვენარი კაცი იყო ბადრი ვადაჭკორია. თითქოს, მასში ასაკი გაჩერებული იყო. სულ მოძრაობდა, დილის 6 საათზე მანქანას ქოქავდა და შინ მომადგებოდა ხოლმე, წავედით ბელადოო. ვიცე-ბელადს პაატა ვარდანაშვილს ეძახდა და ხანდახან ჩვენ სამნი მივემართებოდით ხოლმე ლამაზი საქართველოს ლამაზად გადასაღებად.

ერთხელ ჯავახეთში, ხანჩალის ტბიდან რომ ვბრუნდებოდით, საბურავი გაუსკდა. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ სამიდან არც ერთმა ვიცოდით გამოცვლა. არადა, ღამდებოდა.

ბოლოს მაინც გამოვცვალეთ. აი, რანაირად, ახლაც არ ვიცი.

2017 წელს იყო.

სადმე გადასაღებად რომ ვიყავით, ხან ერთ ფოტოაპარატს დააძრობდა, ხან მეორეს, ხან მეხუთე-მეშვიდეს.

უყვარდა კამერები და ობიექტივები. ბოლოს საფრენიც შეიძინა და იმითაც არაჩვეულებრივ კადრებს იღებდა.

ტექნიკის გაჩუქებაც უყვარდა. ბევრ ფოტოგრაფსა და დამწყებს აჩუქა კამერაც და ობიექტივიც. უშურველი და გულიანი კაცი იყო. აუგსაც არავისზე დააცდევინებდი. ყველას ღიმილიანი ბადრი ახსოვს, მეც ასეთი დამამახსოვრდება…

2018 წლის 18 აგვისტო იყო, მომადგა და გურიის გზას გავუყევით. ბახმაროში მეორე დღეს დოღში უნდა ვყოფილიყავით. ბადრი გურული კაცი იყო და არც მიკვირდა, რომ ეს მხარე გამორჩეულად ეძვირფასებოდა. არაერთხელ ვყოფილვართ ბახმაროში ერთად – ზაფხულშიც, ზამთარშიც. ბოლოს 2024 წელს.

კარგი ხალხი გვმასპინძლობდა – ილია ღლონტი, დათო ქაჯაია. მაშინ გზად ერკეთში შევიარეთ, ტაძარში, მონასტერში დედა მარიამთან. ერკეთელი დედების ცნობილი ფოტოც მაშინ გადავიღეთ.

მერე კი გავუყევით ბახმაროს გზას, მოგვიანებით კი მთიანი აჭარისა უსწორო გზებით.

დღესაც 18 აგვისტოა. ბადრი გავაცილე, ოღონდ არა ბახმაროს დოღისკენ, იმ ქვეყნისკენ.

არამარტო მე, მისმა ძვირფასმა შვილებმა ირინამ და ირაკლიმ, შვილიშვილებმა, ახლობლებმა, ათასობით ადამიანმა

და ცრემლმა გააცილა…

დაუმკვიდროს ნათელი უფალმა…

მე მას ბადრიკოს ვეძახდი. ბადრივით გაიბადრებოდა ხოლმე. ანათებდა სიკეთით, გულიანობით, სიყვარულით.

ბადრი იყო სახალხო ფოტოგრაფი. ყველას უყვარდა და თვითონაც ყველა უყვარდა. მის ცხოვრებაში ამპარტავნების ადგილი არ იყო.

ყველასთან თანასწორი იყო.

ფოტოებს თუ ვინმეს გადაუღებდა, მალევე გაუგზავნიდა ხოლმე. მე, მაგალითად, შეიძლება წლობითაც არ გავაგზავნო ფოტოები, ისე მეზარება. ბადრი ეგეთი არ იყო.

28 მაისს 79 წლის რომ გახდა, დამირეკა. ქუთაისის აეროპორტში ვიყავი, პარიზში მივფრინავდი.

საკუთარი დაბადების დღე მომილოცა, მარტო შენ დაგირეკეო.

რაღაცნაირად შემრცხვა, რომ თვითონ დამირეკა.

სადაც უნდა ვყოფილიყავი, ზარზმაში, საფარაში, შატილში თუ სადმე, სადაც მივდიოდი, სულ ბადრის კითხულობდნენ, როგორ არისო, მოგვიკითხეო, მეუბნებოდნენ.

ასე რომ კითხულობენ ადამიანს, ესე იგი, რა სიკეთითა და ღირსებით ცხოვრობდა.

გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე, დარიალის მონასტერში ვიყავი. მამა იოსებმა დამინახა თუ არა, ბადრი როგორ არისო, მკითხა. საავადმყოფოშია-მეთქი. არ იცოდა. მითხრა, დამირეკა, მელაპარაკაო. მაგრამ ბადრის არ უთქვამს, რომ ასე მძიმედ იყო. ბოლო დროსაც, ჰა, ჰა, ეთქვა, ფილტვების ანთება მაქვსო.

არ არსებობდა, თავს მოეხვია საკუთარი ტკივილი, მწუხარება.

დადებითი პიროვნება იყო. სამაგიეროდ სხვებს იმას უყვებოდა, მას როგორ დაეხმარნენ. მე ყველა ვიცი. მადლობა მათ ამ კაცის თანადგომობისთვის.

ჭაუხებში ფეხი იღრძო, მანქანამდე როშკაშიც ვეღარ ჩამოდიოდა. ცხენი ავუყვანე.

ამ ამბავს დიდხანს ყვებოდა, გოგამ გადამარჩინაო.

ეჰ, რამდენი რამეა გასახსენებელი…

მალე გამოვა ჩემი ასფოტოიანი ალბომი, გიორგი მამაცაშვილი უშვებს, ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი. იქ ჯერ კიდევ აპრილში გვერდების აწყობისას ბადრის ფოტო ჩავსვი. იმ წიგნში დარჩება მისი სახე, როგორც ჩემში მისი შემოძახილი, წავედით ბელადოო.

ისედაც სულ დარჩება ბადრი თავისი მილიონობით კადრით, ლამაზი საქართველოთი, კარგი ადამიანობით, ღიმილით…”, – წერს გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები