LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 17 ქუჩაზე სადისტრიბუციო მანქანები აღარ გაჩერდებიან

37

15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის 17 ქუჩაზე სადისტრიბუციო მანქანები აღარ გაჩერდებიან. თბილისის მერიამ დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან, ამ საკითხზე, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

აღნიშნული ინიციატივით, მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე რეგულირებას იწყებს. რეგულირება გულისხმობს 17 საათიდან 20 საათამდე სადისტრიბუციო მანქანების დგომისა და გაჩერების შეზღუდვას შემდეგ ქუჩებზე: აბაშიძე, ფალიაშვილი, ბარნოვი, დოლიძე, ცინცაძე, ნუცუბიძე, შარტავა, კოსტავა, პეკინი, გამსახურდია, მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, ხიზანიშვილი, ლესელიძე, ლეონიძე, ასათიანი.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრისას განაცხადა, აღნიშნული ინიციატივის მიზანია მოქალაქეების გადაადგილების თვალსაზრისით არსებული დისკომფორტი შემცირდეს.

მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მერიამ საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი დასუფთავების სამსახურის ავტომანქანების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთში შეზღუდა.

თბილისის მერის მოედგილის, ირაკლი ლექვინაძის თქმით კი, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის მიზნით მოლაპარაკება 250 კომპანიასთან გაიმართა.

”დღეს მათმა ნაწილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, თუმცა ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ბიზნესის მხრიდან გამოხატული სოციალური პასუხისმგებლობა. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ბიზნეს ასოციაცია და დამსაქმებელთა ასოციაცია”, – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესასოციაციის წარმომადგენელ ნიკა ნანუაშვილის თქმით კი, ეს საკითხი კომპანიებმა უკვე განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვა მათ პრობლემებს არ შეუქმნით.

”ეს არის ერთგვარი ჯენლტმენური შეთანხმება. მართალია კომპანიებს მოუწევთ შიდა გრაფიკის გადალაგება, თუმცა ეს დისკომფორტს არ შექმნის”, – განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები