LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვოტების გაუქმება კი არა, დეპუტატების რაოდენობაა შესამცირებელი – სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2022 წელს 18 დეპუტატს ხმა არ ამოუღია, დასტურია, რომ 150 დეპუტატი ამ ქვეყანას არ სჭირდება, 100 საკმარისი იქნებოდა – ალეკო ელისაშვილი

139
Untitled design - 2024-04-02T144941.260

კვოტების გაუქმება კი არა, საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობაა შესამცირებელი. სტატისტიკა, რომ 2022 წელს 18 დეპუტატს ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან ხმა არ ამოუღია იმის დასტურია, რომ 150 დეპუტატი ამ ქვეყანას არ სჭირდება. 100 დეპუტატი საკმარისი იქნებოდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„დაგეგმილი ცვლილებებით უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს“ – სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

როგორც ელისაშვილმა განმარტა, გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

„მთელი დავიდარაბა არის ატეხილი კვოტებზე. მიუხედავად „გირჩელების“ პატივისცემისა ჩვენი პარტია მხარს არ დაუჭერს. არასერიოზულად მიგვაჩნია ამ ვითარებაში კვოტების გაუქმება. გულახდილად რომ ვთქვა, მე პირადად, ცოტა უცნაური პოზიცია მაქვს, არც მომხრე ვარ კვოტირების და არც გაუქმების. მომხრე ვარ, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. თუ კვოტირება იყო გზა იმისთვის, რომ ეს წაგვეხალისებინა, რატომაც არა? წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო კვოტირების გადაწყვეტილება, მთელი ბაქიბუქი ჰქონდა, ევროპელებს ვეპრანჭებოდით, ნახეთ, რა მაგარი რაღაც მივიღეთო და ერთი პარლამენტიც არ გვყოლია კვოტირებული, რომ ამ პარლამენტის ბოლოს ისევ გაუქმება გვინდა. მოდით, ვნახოთ, როგორი ეფექტი, სტატისტიკა ჰქონდა. თუ გაამართლა და გააქტიურდნენ ქალები, აშკარაა, რომ გაამართლა. დავტოვოთ.

„ეს არის ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ“ – „ქალთა მოძრაობა“ კვოტირების გაუქმების ინიციატივაზე

დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ჩანს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის 18 წევრს, 10-ს მმართველი პარტიიდან და 8-ს ოპოზიციიდან საერთოდ ხმა არ ამოუღია 2022 წელს პარლამენტში. პარლამენტი, ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც ადგილი, სადაც საუბრობენ. თუ დააკვირდებით 18 დეპუტატს, თვრამეტივე კაცია, არცერთია ქალი. მდუმარე დეპუტატების 100%-იან შემადგენლობაში კაცები არიან. მმართველი პარტიიდანაც და ოპოზიციიდანაც არიან. აქაც გვეუბნებიან, რომ ქალები აქტიურები არიან. კიდევ უფრო უცნაურად ჩანს ეს გაუქმება. კვოტების გაუქმება კი არა, საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობაა შესამცირებელი. ეს სტატისტიკაც, რომ 2022 წელს 18 დეპუტატს, თან ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან ხმა რომ არ ამოუღია იმის დასტურია, რომ 150 დეპუტატი ამ ქვეყანას არ სჭირდება. 100 დეპუტატი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ პარლამენტმა იფუნქციონიროს და ხალხმაც ნახოს ვინ რას აკეთებს პარლამენტში“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “გირჩის“ მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g