აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში დღეს კორონავირუსით დაინფიციების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ნინო ნიჟარაძის თქმით, კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის სულ 35 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის ერთი პაციენტი რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მისი განმარტებით, ე.წ. ქობულეთი კლასტერის კონტაქტირებული პირების რაოდენობა 520-მდე გაიზარდა, რომელთა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ინტენსიურად მიმდინარეობს.
„დღეს დილის 90 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში დაიდო და ყველასთან მიმართებაში უარყოფითი პასუხი გვაქვს. შესაბამისად, ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. 34 პაციენტი ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. კლასტერის ირგვლივ კონტაქტირებული პირების რაოდენობა 520-მდე გაიზრდა, ინტენსიურად ხდება მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ერთი რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში ანუ რეანიმაციული პაციენტია, დანარჩენების კლინიკური მდგომარეობა ისევ უცვლელია, დამაკმაყოფილებელია. არის მსუბუქი შემთხვევები, მათი მკურნალობა მიმდინარეობს ცენტრალური დონის ინფექციონისტების რეკომენდაციების შესაბამისად და ყველა ექვემდებარება კონტროლს“, – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს 2 პაციენტი გაეწერება
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ რეგიონში ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, თუმცა ის არ გამორიცხავს შესაძლო გართულებებს. ნიჟარაძის განმარტებით, პრობლემა შესაძლოა წარმოშვას მასობრივი თავშეყრის ადგილებმა, რომელიც დღესასწაულს უკავშირდება. მინისტრის მოადგილე მოსახლეობას სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდებს.
„უკონტროლო შემთხვევა ამ ეტაპისთვის არ გვქონია და ჯერჯერობით სიმშვიდის ფაზაში ვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სიტუაცია შეიძლება შენარჩუნდეს. მომდევნო ორი კვირა იქნება პრობლემური იქიდან გამომდინარე, რომ თავშეყრის ადგილებს ჰქონდა ადგილი სხვადასხვა რეგიონში. ამ პერიოდში განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცირება და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იქონიონ კომუნიკაცია, ასევე მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები. ამ ორ კვირაში ამ წესების გააზრება და ვალდებულებად ქცევა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ნიჟარაძემ.
3 დღის განმავლობაში მხოლოდ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს – მარინა ეზუგბაია