მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი სტუმრობდა თავისი კოლეგის, გიორგი ვაროსანიძის პოდკატს და მის შეკითხვებს გასცა პასუხი. პოპულარულმა ტელეწამყვანმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ არ სურს, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდებოდეს.
აჩიკო სოლოღაშვილი:
„გავიზარდე, გამოცდილებამ სხვა თავდაჯერებულობა მომცა, ბევრი მეტკინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ ჩანს და ამას არასდროს შევიმჩნევ… იცით, რა არის რთული? როდესაც 17 წლის წინ ხვდები თეატრში და მერე ატყობ, რომ რეპერტუარი შენზე ეწყობა. მაქვს აფიშები სახლში, როდესაც მთელი კვირის განრიგის სპექტაკლებში ყველგან მსუყედ და კარგად ვარ. მერე დგება პერიოდი, როცა ეს ყველაფერი იცვლება… არ მაქვს ის მომენტი, რომ დროს ჩამოვრჩი, ან იმდენად აქტუალური არ ვარ… დღეს ვცდილობ, იმ პატარაშიც იმხელა ჩავდო, არაფერი დაეტყოს…
რაც შეეხება მეგაშოუებს, წამიყვანია. მერე მოხდა ისე, რომ აღარ წამიყვანია… უნდა წამეყვანა ერთ-ერთი მაგარი მეგაპროექტი. ჩავწერეთ გადაჭედილ ფილარმონიაში ოთხი კასტინგი, ოთხი გადაცემა, მეხუთე უნდა ყოფილიყო ლაივი, მაგრამ ზუსტად ლაივის წინ მითხრეს, რომ ვისთან ერთადაც უნდა წამეყვანა, გოგონასთან ერთად, ვერ გაამართლა წყვილმა და უნდა შეგვცალოთო. ისე მეტკინა… მე რომ ამ ადამიანებთან ამ პროექტებს მიღმა არ მქონოდა ურთიერთობა, ასე არ მეტკინებოდა. ხუთი წელი ვიმუშავე ამ ადამიანებთან ერთად და შევქმენი არაერთი პროექტი, რომელიც ბრდღვნიდა. ისინი ამას აფასებდნენ და არავის რომ პრემია არ ღირსებია, პრემიაც მქონდა. იმავე ადამიანებმა მითხრეს, რომ უნდა დავამთავროთო. მთლიანად წამოვედი და მინდოდა, კავშირი საერთოდ აღარ მქონოდა მათთან. მანამდე თავად ამირჩიეს, თავად დამიძახეს. მანამდე გეთქვა, ოთხი გადაცემა ჩავწერე. ეს უფრო ცუდი პასუხია, რომ მეორე წამყვანმა ვერ გაამართლა… ეს ათი წლის წინ იყო, მაგრამ ძალიან მეტკინა…“
