LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა სახლი ლექსო ლაშქარავას სახელობის პრემიას აწესებს

123
1

“ლექსოს პრემია” უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის – თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელობის პრემიას აწესებს. 

ორგანიზაცია კონკურსს მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის აცხადებს.

როგორც ადამიანის უფლებათა სახლში აღნიშნავენ, ლექსოს პრემიის დაწესებით სურთ გამოეხმაურონ საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს, განსაკუთრებით, 5 ივლისს, მედიის თავისუფალი და უფლებადაცვითი საქმიანობის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას და ძალადობას.

“პრემიის დაწესებით გვინდა, მხარი დავუჭიროთ თავისუფალი მედიაგარემოს არსებობას და განვითარებას საქართველოში. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ თავისუფალი და უფლებადამცველი მედია აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თავისუფალი, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების მშენებლობაში.” – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, განსაკუთრებით კი ჟურნალისტები, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, ხშირად ადამიანის უფლებებს იცავენ. ისინი უფლებადამცველები ხდებიან, როდესაც შექმნილი მედია პროდუქტებით იცავენ ადამიანის უფლებებს, ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას ძირითადი უფლებების და თავისუფლებების შესახებ, აშუქებენ უფლებადარღვევებს და უწევენ ადვოკატირებას ადამიანის უფლებების დაცვას.

კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ 18+ ასაკის მედია პროფესიონალები (ჟურნალისტები, ოპერატორები და ა.შ.)

გამარჯვებულები კი ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან:

1. საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი;

2. საუკეთესო უფლებადაცვითი სტატია.

თითოეულ კატეგორიაში ფულადი ჯილდო 2000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 ივლისს ლგბტ+თემის, მათი მომხრეების, უფლებადამცველებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი, ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ობიექტი გახდა მედიის 53 წარმომადგენელი, მათ შორის იყო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.

ლექსო ლაშქარავას თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ, მოძრაობა “სირცხვილია”-ს ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ კონტრ-დემონსტრანტები. თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად მას ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღეში კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ დადგენილა და ექსპერტიზა არ დასრულებულა.

ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, ლექსოს პრემიის დაწესების მიზანი საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარებაა.

გამარჯვებულები 2021 წლის 9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეზე გამოვლინდებიან.

magti 5g