LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადრეულ გაზაფხულზე არის განსაკუთრებულად განსხვავებული შტამები, რომლებიც ძალიან ხშირად რთულდება…“ – ადენოვირუსები და მათგან გამოწვეული თვალის გართულებები, თამარ ჩიტაძე და მაია ჩაჩანიძე გადაცემაში „პულსი“

334
თამარ-ჩიტაძე

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკის „ახალი მზერა“ ოფთალმოლოგები, თამარ ჩიტაძე და მაია ჩაჩანიძე სტუმრობდნენ. გადაცემის თემა კი ადენოვირუსები და მათგან გამოწვეული თვალის გართულებები იყო.

მაია, რა არის თავად ადენოვირუსი და რა ტიპის გართულებები ახასიათებს მას თვალის მხრივ?

ადენოვირუსი საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ვირუსია, რომელსაც ახასიათებს არა მხოლოდ თვალზე კონიუნქტივიტი, არამედ ზედა სასუნთქი გზების ინფექციებიც. საკმაოდ აქტუალურია ამ სეზონზე ეს თემა. ადენოვირუსი ყველა სეზონზე შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც რესპირატორული ინფექციები მწვავდება, ამ პერიოდში უფრო ხშირია. გვხვდება აქტიურად როგორც გვიან შემოდგომაზე, ასევე ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე.

თამუნა, კონიუნქტივიტი ვახსენეთ, რა არის კონიუნქტივიტი და რამდენად გახშირებულია სწორედ ადენოვირუსების ფონზე?

კონიუნქტივიტი არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. ადენოვირუსული კონიუნქტივიტები ძალიან გახშირებულია. ამას ხელს უწყობს თავშეყრის ადგილები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საერთო გამოყენების ნივთები. უნდა ავარიდოთ თავი საერთო კოსმეტიკის გამოყენებას, პაციენტს ასევე ცალკე უნდა ჰქონდეს პირსახოცი… ეს სეზონი გამორჩეულია ამით. ზოგადად ადენოვირუსი არის თვით განკურნებადი ვირუსული ინფექცია, მერყეობს 5-დან 12 დღემდე და შემდეგ თანდათან ლაგდება. რეკომენდებულია სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, შეშუპების შემთხვევაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს ცივი კომპრესები და ასე შემდეგ. ამ პერიოდში არის განსაკუთრებულად განსხვავებული შტამები, რომლებიც ძალიან ხშირად რთულდება და პაციენტები, რომლებიც თვითმკურნალობას მიმართავენ, მათ ვურჩევ მიმართონ ოფთალმოლოგს, რათა მოხდეს დიაგნოსტირება და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

მოდით განვმარტოთ, რა სიმპტომები ახასიათებს კონიუნქტივიტს და როგორ უნდა მიიტანოს ეჭვი დილეტანტმა კონიუნქტივიტზე?

შესაძლოა იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან ალერგიული კონიუნქტივიტი. ხშირად ხდება ხოლმე მათი ერთმანეთში არევა. ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს შესაძლოა იყოს ჭარბი მოყვითალო შეფერილობის ჩირქოვანი გამონადენი. ალერგიული კონიუნქტივიტის დროს უფრო დამახასიათებელია ბლანტი გამონადენი, ქავილი და შეშუპება თუმცა, ყველა კონიუნქტივიტს აქვს საერთო სიმპტომატიკა, როდესაც თვალი არის წითელი. ადენოვირუსულ კონიუნქტივიტს ახასიათებს შეშუპება, ამიტომ თვალის სიწითლის შემთხვევაში თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული. თუ რამდენიმე დღის შემდეგ თუ სიმპტომები არ ლაგდება და პირიქით მწვავდება, მაშინ აუცილებელია დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა.

მაია თქვენი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად ხშირად მოდიან დაგვიანებულ სტადიაზე პაციენტები, თვითმკურნალობისა და გართულებების შემდგომ?

სამწუხაროდ მოდიან პაციენტები, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ თვითმკურნალობა. ეს რა თქმა უნდა გვირთულებს საქმეს, რადგან ჩვენ სიმპტომურად მივყვებით თავიდანვე მკურნალობას. ვუნიშნავთ დამატენიანებელ წვეთებს, ჰიგიენის მაქსიმალური დაცვას, ფიზიოლოგიური ხსნარით თვალის გამორეცხვას და ცივ კომპრესებს მაგრამ, როდესაც თვითმკურნალობით მოდიან პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე…

რაც შეეხება გადამდებლობის ხარისხს იგივე ოჯახურ სივრცეში, რამდენ ხანს არის ადამიანი გადამდები?

პაციენტი გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენისთანავე, თუმცა სიმპტომების ალაგება არ ნიშნავს, რომ პაციენტი აღარ არის გადამდები. იშვიათ შემთხვევაში თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ პაციენტი იყოს გადამდები. მაშინ როდესაც კლინიკა ალაგებულია და მას სიმპტომები აღარ აქვს. ამიტომ, ძალიან უნდა მოვერიდოთ საერთო ნივთების გამოყენებას. ეს აუცილებელია სკოლებში, ბაღებში და თავშეყრის ადგილებში. მნიშვნელოვანია თავი ავარიდოთ გავრცელებას, ხშირია როდესაც ამ სიმპტომებით დადიან სამსახურსა თუ სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში.

ყოფილა თუ არა საჭიროება, რომ სხვა პროფილის ექიმი ჩაგირთავთ მკურნალობის პროცესში, ყოფილა თუ არა ასეთი გართულებები?

როდესაც ვსაუბრობთ ადენოვირუსული კონიუნქტივიტის გართულებაზე, აქ არის კერატო-კონიუნქტივიტი, ეს უკვე არის რქოვანა გარსის ანთება. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ძალიან რთულდება ხოლმე კერატიტით და ამ დროს პაციენტს ვუშვებთ ინფექციონისტთან, რომ მოხდეს იმუნური სისტემის გაძლიერება, რაშიც ინფექციონისტები გვეხმარებიან.

უფრო რთულად მიდის თუ არა ეს დაავადება ასაკოვან ადამიანებში?

უმეტესად საერთოდ ვითარდება 6 თვიდან 10 წლამდე ბავშვებში, თუმცა ასაკი შეზღუდული არ არის. შესაძლოა მისი გამოვლინება მოხდეს ნებისმიერ ასაკში.

თუ პაციენტებმა თვითმკურნალობას მიმართეს, ამ დროს რა ხდება?

ზოგადად ადენოვირუსული კონიუნქტივიტები კეთილსაიმედოა. როგორც წესი ხდება სრულად გამოჯანმრთელება. თუ არის საუბარი რქოვანა გარსის ანთებაზე, რომელიც არის ყურადსაღები, ამ შემთხვევაში ცოტა ხანგრძლივდება ხოლმე მკურნალობის პროცესი. შესაბამისად ჩვენი ჩართულობა უფრო აქტიურად ხდება. მკურნალობის შედეგად გარკვეული პერიოდის შემდეგ ლაგდება. სჭირდება საკმაოდ მარტივი მკურნალობა, თუმცა უნდა მოხდეს ექიმის მიერ მონიტორინგი და შესაბამისი მკურნალობის ჩართვა გართულების შემთხვევაში. დაგვიანებით მომართვის შემთხვევაში ცოტა უფრო რთულია ხოლმე, რადგან ჩაის საფენებს რომ თავი დავანებოთ, პაციენტები იწვეთებენ ისეთ წვეთებს, რომელთაც პირდაპირი უკუჩვენება აქვთ ადენოვირუსული კონიუნქტივიტების დროს.

ადენოვირუსულ კონიუნქტივიტებს ძალიან შემაწუხებელი სიმპტომატიკა ახასიათებს. ესენია: გამოხატული შეშუპება, ცრემლიანობა, წვა, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა.

თამუნა, რა რეკომენდაციას მისცემდით საზოგადოებას, რომელთაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ?

პირველ რიგში თუ პაციენტი შენიშნავს, რომ თვალი არის წითელი, ინტენსიურად დაიწყოს დამატენიანებელი წვეთების გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ წამოვიდა ქუთუთოების შეშუპება, შეუძლია გამოიყენოს ცივი კომპრესები, რაც უვნებელია და ზიანს არ მოუტანს თვალს. თუ შენიშნავს სხვა ტიპის სიმპტომებს, როგორიცაა ჭარბი გამონადენი, ცრემლიანობა და სინათლისადმი მომატებულ მგრძნობელობას, მაშინ პაციენტმა აუცილებლად მიმართოს ოფთალმოლოგს რომ მოხდეს სწორი მკურნალობის შერჩევა.

მაია, თქვენ რა რჩევას მისცემდით პაციენტებს?

მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, დავიბანოთ ხელები ხშირად, მოვერიდოთ ხელის თვალთან შეხებას და პატარა სიმპტომების შემთხვევაშიც კი მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი კონტაქტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g