LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: გოგაშვილის დაცვის უფროსი ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელის

81
Untitled design (3)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, დაკავებული სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი აღიარებს ბრალს, რომელიც მას „საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის“ მუხლით წარუდგინეს.

ამის შესახებ გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის ადვოკატმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ბრალდებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელოდება.

„ალექსანდრე სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. როცა მან თანამდებობა დატოვა, საშტატო იარაღი ჩააბარა, თუმცა საბრძოლო ვაზნები სახლში დარჩა, რაც მის მიმართ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა. ეს ქმედება დასჯადია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საბრძოლო მასალის შენახვა არ იყო მიზანმიმართულად, შემდეგში უკანონო მოქმედებების ჩადენის მიზნით“, – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ დღეს, წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე.

წინასასამართლო სხდომაზე კი მოსამართლემ დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე გადავიდა.

მორიგი სასამართლო პროცესი 9 ნოემბერს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი წარდგენილი აქვს „საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის“ მუხლით, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

რაც შეეხება თავად გოგაშვილს, პროკურატურის ცნობით:

„გოგაშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები შეინახა საკუთარ სახლში, რითაც შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე, ხოლო ინფორმაციის ნაწილი – პერსონალური მონაცემები მისი მონაწილეობით გავრცელდა საჯარო სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

მოგვიანებით გოგაშვილს დამატებით ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g