„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული ვასილ ელიავასა და ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომ არ ატყობინებენ ადვოკატებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაკავების დროს მათ მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და ფიზიკური ძალის გამოყენება. ტრანსპორტირების დროსაც, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში მოხდა მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება. დღეს ჩვენ ველოდებოდით, რომ ადმინისტრაციული წესით მოხდებოდა მათი სასამართლოში გადმოყვანა, ვიგებთ მოულოდნელად, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება. რა თქმა უნდა, მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, რადგან ჩემი ორდერი იდო საქმეში და მინიმუმ ჩემთან დაკავშირება მაინც შეეძლოთ, როდესაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაჰყავდათ. ჩემთან არანაირი შეტყობინება ამასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, რა გარემოება და რა ხორციელდება მათ მიმართ. აუცილებლად გავარკვევთ სად არიან ამჟამად ეს პირები და რა საგამოძიებო მოქმედებები იგეგმება მათ მიმართ.
მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, ადვოკატები საათობით ვყარაულობთ სასამართლოში, რომ მოულოდნელად არ მოხდეს საქმის შემოტანა და ისე არ გამოცხადდეს სასამართლო, რომ არ ვიყოთ ადგილზე. არ გვატყობინებენ ადვოკატებს და ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. რა თქმა უნდა ეს ხდება კანონმდებლობის სრული დარღვევით“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.