LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფაზია

111
აფაზია

აფაზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ან ნაწილობრივად კარგავს მეტყველების უნარს. ეს, ძირითადად, თავის ტვინის ქერქში მდებარე მეტყველებაზე პასუხისმგებელი ცენტრების ზოგადი თუ ლოკალური ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული.  ყველაზე ხშირად აფაზიის მიზეზი იშემიური ინსულტია, მოგეხსენებათ, ამ დროს თავის ტვინის კონკრეტული უბნების სისხლმომარაგება ირღვევა, რაც შესაბამისი უბნის ფუნქციათა, ამ შემთხვევაში კი მეტყველების მოშლის მიზეზი ხდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ აფაზია ფსიქიკური დაავადება არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტის მეტყველება აზრს მოკლებულია და იგი თავადაც ვერ აცნობიერებს ხარვეზს, მას ხშირად კარგად ესმის გარშემომყოფთა საუბარი და მისი შინაარსი. პაციენტთან საუბრისას არ არის საჭირო ხმის მომატება, აფაზიისას სმენის ფუნქცია შენარჩუნებულია და ხმამაღალი საუბარი ვერაფრით ვერ აუმჯობესებს ურთიერთობას. აფაზიის მქონენი ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ ხმაურზე, არ არის სასურველი რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ესაუბრებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთახში ტელევიზორი ან რადიოა ჩართული. პაციენტს გაცილებით რთულად ესმის გრძელი და სწრაფი წინადადებები, ამიტომ ესაუბრეთ მას ნელა, მარტივი წინადადებებით, გაუმეორეთ ფრაზები, თუმცა არაფრით მიმართოთ ბავშვივით, ენის მოჩლექით, მოფერებით, განსხვავებული დიქციითა და მომატებული, გაძლიერებული ჟესტიკულაციით. დაუსვით ისეთი კითხვები, რომლებზეც მას შეუძლია გიპასუხოთ „კი” ან „არა”.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ შეუძლია ელემენტარული მარცვლების წარმოთქმაც კი, შეგიძლიათ ის ავტომატიზებული სამეტყველო რიგებით ავარჯიშოთ: თვლა, კვირის დღეების ჩამოთვლა, წელიწადის დროები, თვეები, წაუკითხეთ მისთვის კარგად ნაცნობი ლექსები და სიმღერების ტექსტები. პარალელურად აუცილებელია წერისა და კითხვის უნარებზე მუშაობა. თუ მყარი პარეზის გამო შეუძლებელია მარჯვენა ხელით წერის აღდგენა, მაშინ მარცხენა ხელით წერა ვასწავლოთ. უსმინეთ მას – ეს ლოდინს ნიშნავს! მათ დიდი დრო სჭირდებათ აზრის ფორმირებისთვის. იყავით დიალოგის ინიციატორი, მაგრამ ნუ დაეხმარებით ფრაზების შეშველებით, მიეცით საკუთარი აზრების გამოხატვის საშუალება. გაუგებარი გამონათქვამებისას ან სიტყვების სტერეოტიპული გამეორებისას აკრძალულია ყოველგვარი კომენტარი, თუნდაც ხუმრობით ნათქვამი. თავაზიანად შეაწყვეტინეთ საუბარი ყურადღების სხვა თემაზე გადატანით. ყოველი მეცადინეობის დაწყებისას გახსოვდეთ, რომ შეძლებთ ერთმანეთის გაგებას და ყოველ ჯერზე მზად იყავით ყველაფრის თავიდან დასაწყებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები