დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობით შოკში იმყოფება.
21 წლის ახალგაზრდა, რომელიც კორპუსში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავდა რეანიმაციაში იმყოფება. მამაკაცს დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
„ჩვენს კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცია მოთავსებული, რომელსაც სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. აღენიშნება სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის დაზიანება. დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიზულ დიაგნოზთან გვაქვს საქმე,“ – განაცხადა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, მომხდარის შედეგად 8 დაშავებულიდან ამ ახალგაზრდის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა. გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ის სწორედ იმ ბინაში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქდა. ამასთან “ყაზტრანსგაზმა” განაცხადა, რომ ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, დაკტილი იყო.