LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღელვებული ვარ… ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ყველაზე ემოციურია, ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო აქ მოდის და აქ იგრძნობა“ – 27 ივნისს ანიტა რაჭველიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, კონცერტს გამართავს

433
ანიტა რაჭველიშვილი

17 ივნისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ ანიტა რაჭველიშვილი სტუმრობდა, რომელმაც 27 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა. ანიტა რაჭველიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით მსმენელს „Factory Tbilisi“-ს სცენაზე შეხვდება.

ანიტა, ვისაუბროთ დაგეგმილ კონცერტზე, როდის და სად გაიმართება ის და როგორია პროგრამა?

კონცერტს 27 ივნისს ვგეგმავთ „Factory“-ში, რომელიც ახალი არტ სივრცეა და არაჩვეულებრივი ღონისძიებები და ივენთები იმართება. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან დიდი ხანია, საქართველოში სცენაზე აღარ გამოვსულვარ. ჩემთვის კიდევ იმიტომ არის განსაკუთრებული ეს კონცერტი, რომ იმ ცოტა მძიმე ფონზე, რომელშიც ყველა ვიმყოფებით, ალბათ, მუსიკა თუ წაგვიყვანს სინათლის გზაზე.

რა თქმა უნდა, კონცერტზე იქნება საოპერო არიები ტრადიციული, ორიგინალური შესრულებით და ასევე ნიკოლოზ რაჭველის ვარიაციებით. საოპერო მუსიკის გარდა, რომელიც ჩემთვის ჩვეულია, ასევე გვექნება ჯაზი, ბროდვეის მუსიკა, გვექნება შერეული ჟანრის მუსიკა და რა თქმა უნდა, ქართული მუსიკა.

კარი 20:00 საათზე გაიხსნება, კონცერტი კი 21:00 საათზე დაიწყება.

ყოველთვის იპყრობ მსოფლიო პრესას, ხმამაღლა ვსაუბრობთ თითოეულ შენს წარმატებაზე. მოდი, შევაჯამოთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში გამართული კონცერტები, რომელი იყო შენთვის განსაკუთრებული? ისეთი, რომელიც დიდი ტრიუმფით შედგა…

ბავშვის გაჩენის მერე, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა მქონდა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნოემბერში ნეაპოლში დაბრუნება, სადაც ფაქტობრივად, ხელახლა დავბრუნდი სცენაზე დვორჟაკის ულამაზესი ოპერით „ქალთევზა“. ეს იყო ჩერნიაკოვის არაჩვეულებრივი დადგმა, შესანიშნავი შემადგენლობით ვმღეროდით. ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი აქვს ამ ოპერას, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამით დავბრუნდი სცენაზე და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს თეატრში, „სან-კარლოში“ ვმღეროდი. ეს ჩემთვის ამოსუნთქვასავით იყო, რადგან ძალიან დიდი ხანი არ ვიყავი სცენაზე და ძალიან მენატრებოდა სცენაზე ყოფნა, მსმენელი, დეკორაცია, კოსტიუმები, ყველაფერი… ამან ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია ჩემში.

ნოემბრის შემდგომ, მქონდა „კარმენი“, გამოსვლები სხვადასხვა ფესტივალებზე, მათ შორის, ზუსტად ახლა ჩამოვედი ვერონიდან, სადაც საგაზაფხულო ფესტივალზე პროკოფიევის საგუნდო ნაწარმოებებში სოლოს ვასრულებდი. აქედან უკვე კვლავ ვერონაში მივემგზავრები, არენაზე, 15 000-იან დარბაზში, ღია ცის ქვეშ ისევ „კარმენს“ შევასრულებ.

როგორი დედაა ანიტა რაჭველიშვილი?

ალბათ, ზედმეტად თავდადებული. მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვს ყურადღება მივაქციო და ფიზიკურად ვიყო მასთან, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. ვცდილობ, რომ თუ შესაძლებელია, სადაც დავდივარ, ყველგან თან წავიყვანო. როცა ორ კვირაზე მეტი პერიოდით მივდივართ, მე და ოთოს აუცილებლად თან მიგვყავს ბავშვი, რადგან არ გვინდა, რომ მარტო, ჩვენ გარეშე იყოს. როცა ხანმოკლე პერიოდით მივდივარ, საკმაოდ განიცდის ჩემს არყოფნას. ჩემთვის ძალიან მძიმეა ბავშვის გარეშე ყოფნა. თავიდან, ბავშვის გაჩენის მერე, რაღაც პერიოდი ვერ ვმღეროდი, რადგან ჯანმრთელობის კუთხით, ყველაფერი კარგად არ მქონდა. ეს პერიოდი მთლიანად ბავშვთან ვიყავი და ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან ჭკვიანი და ძალიან თბილია. ჩემთვის დედის როლი როგორი იქნებოდა, არ ვიცოდი და აღმოვაჩინე, რომ მართლა სანატრელი, ყველაზე ლამაზი რამ არის, რაც ჩემს ცხოვრებაში შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო.

წლების წინ, როცა სწავლას იწყებდი და გინდოდა, საოპერო მომღერალი გამხდარიყავი, თუ გიფიქრია, რომ მსოფლიო სცენებს დაიპყრობდი და იქნებოდი ის ანიტა რაჭველიშვილი, ვინც დღეს ხარ?

რა თქმა უნდა, როცა რაღაცა პროფესიას კიდებ ხელს, იმედი გაქვს, რომ მაქსიმალურ წარმატებას მიაღწევ, თუმცა არასდროს მეგონა, რომ ამ წარმატებამდე მივიდოდი, ამ სიმაღლეებს დავიპყრობდი და ძალიან გამიმართლა. მართლა ძალიან ბევრი ვიშრომე ამისთვის. რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა იღბალმაც და სწორ ადგილას სწორ დროს ყოფნამაც.

ვიცით, რომ მუსიკოსების ოჯახში გაიზარდე. ოჯახმა რამდენად დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში?

რა თქმა უნდა, უზარმაზარი, იმიტომ, რომ ყველანი მუსიკოსები არიან. დედა მღერის, მამა მღერის, უკრავენ… მუსიკას ბავშვობიდან მთავარი როლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში, იქნებოდა ეს ფორტეპიანო და სიმღერა თუ უბრალოდ ოჯახში, ყველასთან ერთად, გიტარის თანხლებით სიმღერა თუ აკაპელა. მუსიკა ჩვენს ოჯახში ყოველთვის ძირითად ტრადიციას წარმოადგენდა და ასე გრძელდება ახლაც.

ანიტა, უამრავი ჯილდო გაქვს, რომ გადავხედოთ, თუ კი რაიმე ჯილდო არსებობს საოპერო სფეროში და არა მხოლოდ, ყველა ჯილდოს მფლობელი ხარ. რას ნიშნავს შენთვის ჯილდოს მიღება, რა ემოცია გეუფლება ასეთ დროს?

ძალიან დიდი სიამაყე მეუფლება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის სახელით ვიღებ ამ ჯილდოს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის, არა მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და სიამაყე. ყველა წარმატებისას, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ის, რაც შევძელი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დახმარებით, ვინც გვერდში მიდგას.

რომელია ყველაზე რთულად შესასრულებელი პარტია?

ასეთი არაერთია, სხვათა შორის, მაგრამ აღვნიშნავდი ებოლის „დონ კარლოსიდან“ და სანტუცას „სოფლის ღირსებიდან“.

რომელი პარტიაა შენთვის ყველაზე დაუვიწყარი?

რა თქმა უნდა, „კარმენი“.

როგორია სამომავლო გეგმები?

ეს ზაფხული საკმაოდ გადატვირთული იქნება. ორი გალაკონცერტი მაქვს ბერლინში. რეგენსბურგში ანა ნეტრებკოსთან, ძალიან ცნობილ სოპრანოსთან ერთად ვიმღერებ ორ გალას. ტიროლის ფესტივალზე მაქვს კამერული მუსიკის პროგრამა, რომელიც ჩემს პიანისტთან, ვინჩენცო სკალერასთან ერთად უკვე დაგეგმილი მაქვს. აღნიშნული კონცერტი 23 ივლისს გაიმართება. ზაფხული პრიშტინაში, კოსოვოში დასრულდება, სადაც ზუსტად იმ პროგრამით მივემგზავრები, რომელსაც თბილისში შევასრულებ. იქ უკვე ადგილობრივ ორკესტრთან და ბენდთან ერთად შევასრულებთ ამ კონცერტს. ამის შემდეგ, უკვე მეწყება გამოსვლების სერია – ათენი, ნეაპოლი, ბარი და ა.შ. სამი ახალი ოპერის დებიუტი მაქვს, ეს იქნება „ჯოკონდა“, „მედეა“ და „ფალსტაფი“, რომელსაც მოუთმენლად ველი, რადგან ქუიქლის როლი „ფალსტაფში“ ჩემთვის ყველაზე საყვარელია.

არის ისეთი როლი, რომელიც ჯერ არ შეგისრულებია, ისეთი პარტია, რომელზეც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან მოგიხდებოდა?

არა, ისეთი არაფერი დარჩა, რაც არ შემისრულებია (იცინის). ძალიან მინდოდა შარლოტის შესრულება „ვერტერიდან“ და ეს ოცნება 2023 წელს ავისრულე, როცა ათენის თეატრში შევასრულე აღნიშნული პარტია. დანარჩენი, მგონი, ყველაფერი შევასრულე, რისი შესრულებაც მინდოდა.

როგორია ქართველი მსმენელი?

ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ყველაზე ემოციურია,  ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო აქ მოდის და აქ იგრძნობა. როცა მსმენელს უყვარხარ, ამას ყველაზე დიდი ემოციით გამოხატავს. ნებისმიერი კონცერტის თუ საოპერო დადგმის დროს, რომელსაც საქართველოში ვასრულებ, ყოველთვის დიდ სიყვარულს, ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჩვენ მუსიკის უდიდესი კულტურა გვაქვს, რაც ჩვენს მსმენელს კიდევ უფრო მატებს ხიბლს. ჩემთვის საყვარელი მსმენელია საქართველოში.

რაიმე ისეთი ჩვევა ან ტრადიცია თუ გაქვს, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ, ყოველთვის ასრულებ?

აუცილებლად ვვარჯიშობ, რომ სხეული გავამზადო სიმღერისთვის, თუმცა სხვა, განსაკუთრებული არაფერი.

რა დროს უთმობ რეპეტიციას?

კვირაში სამჯერ, დაახლოებით, 2 საათს ვუთმობ მუსიკალურ პრაქტიკას.

რა რჩევას მისცემდი დამწყებ საოპერო მომღერლებს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მიაღწიონ ისეთ წარმატებას, როგორსაც შენ მიაღწიე?

კომპლექსურად ძალიან ბევრი რამ არის საჭირო. საჭიროა ენების ცოდნა, დიპლომატია. საჭიროა, რა თქმა უნდა, უდიდესი შრომა. არ უნდა დაიზარო და ძალიან ბევრი უნდა ისწავლო. ეს არ ეხება მარტო ვოკალის და მუსიკის ცოდნას, ეს ეხება ზოგადად მზადებას. არ უნდა დაგეზაროს, რომ ძალიან დიდი შრომა და სიყვარული ჩადო იმაში, რასაც აკეთებ, რადგან ეს ისეთი პროფესიაა, სადაც სიყვარულის გარეშე, არაფერი გამოდის. დღევანდელ დღეს, ყველაზე მეტად პროფესიონალიზმი ფასობს ამ სფეროში. მე დავაკვირდი, რომ ის ტრადიციული რაღაცები, რაც ადრე იყო მიღებული ოპერაში, დღეს აღარ არის, დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სუფთა პროფესიონალური კუთხით შეხედო მუსიკალურ ნაწარმოებს და ზუსტად ისე ისწავლო, როგორც არის დაწერილი. გვქონია შემთხვევები, რომ ტრადიციულ ვარიაციებზე გვიმღერია, რაც დღევანდელ დღეს, აბსოლუტურად მიუღებელია დირიჟორებისთვის. აუცილებელია მუსიკალური სიზუსტე და უმაღლესი დონის მუსიკალური განათლება, რაც ადრე, მაგალითად, პავაროტის დროს, საჭირო არ იყო. მაშინ, სულ არ იყო საჭირო მუსიკალური განათლება, თუ მღეროდი, თუ კარგი ხმა გქონდა, თუ სასიმღერო განათლება გქონდა მიღებული, შეგეძლო, ძალიან დიდი კარიერა გაგეკეთებინა. დღევანდელ დღეს, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, თუ კარგი, ძალიან პროფესიონალური განათლება არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდება კარიერის გაკეთება. შესაბამისად, ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, იზრუნონ იმაზე, რომ ძალიან განათლებულები გამოვიდნენ სასწავლებლიდან, რომ ყველაზე მაღალი ხარისხით მიიღონ განათლება. არ დაიზარონ, ისწავლონ, ისწავლონ, ისწავლონ…

ოთო შენს ცხოვრებაში…

ოთო არის ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში… არის იმედი. არის გვერდში მდგომი, მხარდამჭერი ადამიანი, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომელიც მართლა ყველაფერში გვერდით მიდგას. ძალიან კარგად ესმის ჩემი პროფესია, ამ პროფესიის სირთულეები. არის არაჩვეულებრივი მამა. არის უდიდესი სიყვარული და პარტნიორი, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, დაუღალავად მედგა გვერდში და ჩემთან ერთად შრომობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g