„სად მიგიყვანს ახალი წელი? დაგეგმე მოგზაურობა ფავორიტის შერჩევით ჩვენი ყოველწლიური სიიდან“ – ასე იწყებს სტატიას The New York Times იმ 52 მიმართულების შესახებ, სადაც საკუთარ მკითხველს 2025 წელს ურჩევს მოგზაურობას.
რეკომენდებულ გეოგრაფიულ პუნქტებს შორის საქართველოს ერთ-ერთი ქალაქიც მოხვდა, კერძოდ, ქუთაისი რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს.
„აღმოაჩინე უძველესი ქალაქის კულტურული საგანძური“ – ასე დაასათაურა ქუთაისის შესახებ ინფორმაცია კიმ პოტმა, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოს ეს ქალაქი მდიდარი ისტორიით გამოირჩევა და თვალწარმტაცი ბუნებითაა გარშემორტყმული.
„ქუთაისი იდეალური ადგილია კავკასიის მთების, შავის ზღვის სანაპიროს, გამოქვაბულების და მახლობლად მდებარე ციხე-სიმაგრეებისა და სოფლების შესასწავლად. ვიზიტორებს დამოუკიდებლადაც შეუძლიათ ქალაქის ისტორიული ნაწილის ფეხით მოვლა, უძველესი ტაძრების მონახულება, მწვანე ბაზარში, გამორჩეულ კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში სტუმრობა“.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველ ადგილზე ინგლისის სამხრეთ-დასავლეთი მოხვდა, რომელსაც The New York Times „ჯეინ ოსტინის ინგლისად“ მოიხსენიებს. აღნიშნული მიმართულების რეკომენდების მიზეზად გამოცემა ინგლისელი მწერლის 250 წლის იუბილეთი ხსნის. The New York Times მკითხველს იმ სოფლებისა და ქალაქების მონახულებას ურჩევს, სადაც ჯეინ ოსტინი ცხოვრობდა და საქმიანობდა.