LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესიულად ვრცელდება იქ, სადაც ვაქცინის მოცვა დაბალია, „ომიკრონს“დეკემბრის ბოლოდან ველოდებით – გოგინავა განმარტავს, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ

128
BeFunky-collage (28)

თუ ქვეყანაში კომპლექსური ღონისძიებები გატარდება, ჩვენ ხელს შევუშლით „ომიკრონის“ გავრცელებას, მაგრამ თუ ჩვენ რეგიონში დაავადების სწრაფი გავრცელება იქნება, წესები რაც არ უნდა დავიცვათ, ის მაინც შემოვა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანა ახალ შტამს მომზადებული დახვდება, ხელს შევუშლით შიდა სწრაფ გავრცელებას და დაავადების მძიმე მიმდინარეობს.

ამასთან, ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ახალი შტამი აგრესიულად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინის მოცვა არის დაბალი, ამიტომ მისი თქმით, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი ვირუსის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„თუ „ომიკრონს“ ისეთივე სწრაფი გავრცელება ექნება, როგორიც „დელტა“ შტამს ჰქონდა, სავარაუდოდ, ზამთრის პერიოდში, დეკემბრის ბოლოს ან იანვარში ის შეიძლება საქართველოშიც დაფიქსირდეს. სწრაფი ანტიგენის ტესტებმა ის შესაძლოა, ბოლომდე ვერ დააფიქსიროს, ამიტომ აუცილებელია, სპეციალური პისიარ ტესტების შემოტანა. საქართველოში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების რისკი დეკემბრის ბოლოდან იანვრის პერიოდში არსებობს, ამიტომ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

პირველ რიგში, შეიზღუდოს იმ ქვეყნებთან მიმოსვლა ან გამკაცრდეს კონტროლი, სადაც „ომიკრონია“ გავრცელებული. ამით ჩვენ შევქმნით მექანიკურ ბარიერს. ასევე, აქტიურად უნდა წავიდეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ძირითადად ახალი შტამი აგრესიულად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინის მოცვა არის დაბალი. ამიტომ, ვაქცინაცია უნდა მოხდეს აქტიურად, პარალელურად, შემოტანა იმ პისიარ ტესტების, რომელიც ეფექტურად მოახდენს ამოცნობას ამ შტამის“,- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ამასთან, მისი განმარტებით, ამ ეტაპისთვის, „ომიკრონი“ ბოლომდე ამოუცნობია, ამიტომ ჯერჯერობით მკაფიო და მკვეთრი განცხადებების გაკეთება სწორი არ იქნება.

„მეცნიერთა აზრი ორად იყოფა. გარკვეული სპეციალისტები კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ „ომიკრონს“ ახასიათებს ადვილად გავრცელებადობა და წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს. არიან მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ „ომიკრონმა“ პირიქით, შესაძლებელია პანდემიის დასასრულს ხელი შეუწყოს – ადვილად კი გავრცელდება, მაგრამ მას ექნება მსუბუქი მიმდინარეობა და ბუნებრივი ვაქცინის როლს ითამაშებს. ამ ორი მოსაზრების მტკიცებით ფორმაში თქვა ჯერჯერობით ყველას უჭირს, ამიტომ მეცნიერები მაინც თავს იკავებენ მკაფიო განცხადების გაკეთებისგან“, -აღნიშნა გოგინავამ.

რაც შეეხება რიკს ჯგუფებს, ინფექციონისტის განცხადებით, „ომიკრონთან“ მიმართებაში ჯერჯერობით, კლინიკური კვლევები არ არის იმ რაოდენობით ჩატარებული, რომ ჩვენ დაავადების მიმდინარეობაზე ვისაუბროთ, თუმცა, გოგინავას თქმით, თუ პირველად კვლევებს დავეყრდნობით, მას გავრცელება ახასიათებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

„აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე რთულია დიფერენცირება მოვახდინოთ. ამასთან, ყველა შტამის დროს ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები ყოველთვის არიან მაღალი რისკის მატარებლები, ხოლო სხვა პოპულაციასთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს და უფრო მეტი დროა საჭირო, რათა ჩვენ შეგვექმნას წარმოდგენა, რამდენად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს „ომიკრონს“, – განაცხადა ინფექციონისტმა „ფორტუნას“ ეთერში.

mazda magti 5g