LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგუეროს ისეთ პასს მივცემდი… „სიტის“ და ქინქლაძის სიყვარულის ისტორია

108

დღევანდელი ფეხბურთის გრანდის „მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგენდა ქართველია – გიორგი ქინქლაძე, რომელიც „სიტის“ სტაჟიან გულშემატკივრებში დღემდე ძალიან პოპულარულია.

ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც „სიტიში“ გატარებულ პერიოდს შეეხო.

„ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ფეხბურთი ვითამაშე. თავიდან რომ მქონდეს შანსი, ისევ ინგლისში თამაშს ავირჩევდი. ვუყურებ „სიტის“ თამაშებს და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემთვის შესაფერისი გუნდი იქნებოდა. ეს არის ფლეისთეიშენის გუნდი. არა? სილვადან, სტერლინგამდე, დე ბრუინამდე… ბუმ, ბუმ, ბუმ. ბურთი თუ მექნებოდა, აგუეროს ისე მივცემდი პასს, რომ მისი შეხედვა არც დამჭირდებოდა. ყველა ფიქრობს, რომ გვარდიოლას გუნდში თამაში მარტივია, მაგრამ ასე არაა, ეს არაა ადვილი. ყოველ თამაშზე 100%-ით უნდა დაიხარჯო. მესიც კი, თუ კარგად ვერ ითამაშებდა, სკამზე აღმოჩნდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ფანების აპლოდისმენტების ხმა გესმის. შესაბამისად, კარიერის დასრულების შემდეგ მთავარია, რომ ეს გახსოვდეს. გუშინდელივით მახსოვს“.

„სიტის“ ფანებისა და ქინქლაძის სიყვარულის ისტორია თითქმის უნიკალურია. აღმერთებდე ასეთი ცუდი გუნდის ფეხბურთელს მართლაც იშვიათი შემთხვევაა.

„მცველები ამბობდნენ, რომ ფეხებს მომამტვრევდნენ, მაგრამ რაც მეტი იყო მცველი, ჩემთვის უკეთესიც გახლდათ, შემეძლო მათ შორის გავლა. ინგლისურად არ ვსაუბრობდი და ვარჯიშზე ალან ბოლი („სიტის“ მაშინდელი თავკაცი) უბრალოდ ამბობდა: მიეცით ბურთი გიოს!“

ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა, ვცდილობდი ჩემი საუკეთესო მეჩვენებინა, მაგრამ ზოგჯერ არ გამოგვდიოდა. 11 ტურის შემდეგ ორი ქულა გვქონდა“.

ქინქლაძე ინგლისში სპორტულ ლტოლვილად ჩამოვიდა საქართველოდან, სადაც ომი იყო. ის გაზარდა ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებულმა მამამ და თბილისის „დინამოს“ ლიდერი იყო, რომლის პრეზიდენტმა გუნდის ლიდერები გაყიდა, რადგან მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა – წერს გამოცემა.

გერმანიისა და ესპანეთის ნაცვლად გიორგი „ბოკა ხუნიორსში“ აღმოჩნდა, სადაც დიეგო მარადონა დაბრუნდა: „ის კარიერიას ასრულებდა, მაგრამ „ბოკაში“ დაბრუნდა და ჩემს პოზიციაზე თამაშობდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი: ეს ბიჭი ჩემი გმირია, არ შემიძლია მასთან კონკურენცია… და, დავბრუნდი საქართველოში“.

ქინქლაძე საქართველოს დაეხმარა უელსის ორჯერ დამარცხებაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. მეორე გამარჯვებიაში მისი წვლილი დიდი იყო, რადგან ნევილ საუთჰოლს 20 იარდიდან ბურთი თავზე გადაუგდო – „სიტის“ პრეზიდენტმა ფრენსის ლიმ 2 მილიონი სტერლინგი გადაიხადა, რომ ქინქლაძე ინგლისში წაეყვანა.

„სადილზე დამპატიჟა. ჩემი სამუშაო უბრლო იყო. ვარჯიში, თამაში და მანქანა უნდა მეტარებინა მარცხენა მხრიდან. ვარჯიშზე რამდენჯერმე დავაგვიანე, რადგან ქუჩები არ ვიცოდი. არც ინგლისური ენის გაკვეთილები მქონია. გასახდელში ყველაფერს ვიგებდი, მათ შორის სალანძღავ სიტყვებსაც.

ქალაქი შესანიშნავი იყო, „მეინ როუდზე“ საოცარი ატმოსფერო იყო, ბევრად კარგი, ვიდრე ახალ სტადიონზე. ყოველთვის ივსებოდა, ხალხი ქვედა ლიგაში მოდიოდა ჩვენს საქომაგოდ“.

1995-1996 წლების სეზონის ბოლო ტურში „სიტიმ“ „ლივერპულთან“ 2:2 ითამაშა, მაგრამ ვერ გადარჩა. „ქალაქელებმა“, „ქოვენთრი სიტიმ“ და „საუთჰეპტონმა“ 38-38 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უარესი ბალანსი გამო პრემიერლიგიდან მანჩესტერელები გავარდნენ. ფეხბურთელებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო და ბოლო წუთზე კუთხურის ალამთან დრო გაჰყავდათ:

„ეს ძალიან სამწუხარო იყო. სტივ ლომასს დრო გაჰყვადა კუთხურის ალამთან და ამ დროს ვიღაც მეუბნება: გიო, ყველაფერი კარგადაა. ამ დროს, ხალხმა ყვირილი დაიწყო, მაგრამ რეაგირებისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. 23 წელი გავიდა, მაგრამ ეს თამაში ისევ მახსოვს. ინგლისში მოსაგებად ჩავედი და… გასახდელში მკვდარივით ვიყავი, ვტიროდი, ვფიქრობდი“.

ქინქლაძემ „სიტიში“ გადასვლის შემდეგ „ფერარის“ ძვირადღირებული მანქანა შეიძინა, რომლის ყიდვას კლუბის პრეზიდენტი ურჩევდა, თუმცა, არ დაუჯერა. საბოლოოდ, ქართველი ამ ავტომობილით ავარიაში მოჰყვა:

„ფრენსის ლი მირჩევდა, რომ არ მეყიდა ეს მანქანა, მაგრამ არ მოვუსმინე. რა თქმა უნდა, შემდეგ სხვა მანქანა ვიყიდე (იღიმის)“.

ქინქლაძე ყველას არ უყვარდა. მაგალითად თავდამსხმელმა პოლ უილშიმ თქვა, რომ „სიტის“ პრობლემა ქართველი იყო:

„სიტის“ პრობლემების კატალიზატორია. გოლები ვერ გაჰქონდა, თავით ვერ თამაშობდა და მისი როლი გუნდში გაბუქებულია“, – ამბობდა უოლში.

კიდევ ერთი თავდამსხმელი, გერმანელი უვე როსლერიც დაახლოებით იგივე აზრზეა:

„ტექნიკურად უძლიერესი იყო, ასეთთან არასდროს მითამაშია. ხალხი მისი თამაშის სანახავად დადიოდა სტადიონზე. თუმცა, გვარდიოლას დღევანდელ გუნდში ვერ ითამაშებდა, რადგან ყველა სამუშაოს ვერ შეასრულებდა“.

გიორგის პასუხი ზემოხსნეებულ კომენტარებზე ასეთია:

„არ ვიცი, რას ამბობდნენ ზურგს უკან, არასდროს მიგვრძნია ეჭვიანობა და შური. შესაძლოა, რამდენიმე მათგანს უნდოდა ჩემსავით ეთამაშა, არ ვიცი… თუმცა, შემტევი ფეხბურთელი ვიყავი, ამიტომ ბურთი ხშირად მქონდა. არ ვიყავი მცველი, ხომ სიმართლეა? მოედანზე 11 ფეხბურთელი გავდიოდით, არამარტო მე. შეხედეთ დღევანდელ „სიტის“, ექვსი შემტევი ფეხბურთელით თამაშობს. ექვსით! არმგონია, რომ სილვა, დე ბრუინი, სტერლინგი და სანე დაცვაში ხშირად ჩადიოდნენ და იბრძოდნენ“.

შესაძლოა, ამ სიტყვებით ქინქლაძემ დაადასტურა, როსლერის სიტყვები. 1997 წლის ზაფხულში ქართველი „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდოდა. „ქალაქელებმა“ ის სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულეს და სამი მწვრთნელიც გამოცვალეს – ალან ბოლი, სტივ კოპელი და ფრანკ კლარკი.

„სიტის“ ფლეიმეიქერს რამდენიმე გუნდი ეპატიჟებოდა, მაგრამ ყველასდა გასაოცრად, ის დარჩა. „რედინგთან“ მატჩის შემდეგ 25 ათასმა ქომაგმა პეტიციას ხელი მოაწერეს და ქინქლაძეს სთხოვნდნენ, რომ დარჩენილიყო. შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელს ამიტომაც შეშურდა, მათ შორის, როსლერსაც:

„დავრჩი იმიტომ, რომ ფანები ჩემდამი ლოალურები იყვნენ და მინდოდა ასევე მეპასუხა. ვფიქრობდი, რომ პრემიერლიგაში დავბრუნდებოდით. შემეძლო წასვლა და ორმაგი ხელფასის აღება. ერთი წლის შემდეგ „აიაქსში“ გაორმაგებული ხელფასი მქონდა, მაგრამ მთავარი ფული არ ყოფილა, სიყვარული იყო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“? დიახ, ინტერესი იყო. პოპულარული გავხდებოდი, ასე არაა? „სიტისთვის“ რთული ეპოქა იყო, „იუნაიტედში“ თამაში ყველას უნდოდა, მაგრამ ტიტულების მოგებაზე არც ვფიქრობდი, როდესაც „იუნაიტედის“ წინადადება მოვიდა. ის ჩვენი მთავარი მეტოქე იყო და იქ გადასვლაზე არც მიფიქრია“.

ქინქლაძის მესამე სეზონში იმედი არ დაბრუნებულა. „სიტი“ ჩემპიონშიფიდანაც გავარდა. ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯო როილის გეგმებში ის მაინც და მაინც, არ ჯდებოდა. გიო მარცხენა ფლანგზე გადასწია, რაც მისთვის იდეალური ადგილი არ იყო.

„ვფიქრობ, ანდრეი კანჩელსკისში ავერიე“, – ასეთი პასუხი აქვს დღეს ქართველზე ამ ყველაფერზე.

ქინქლაძემ „სიტიში“ გატარებულ სამ სეზონში 20 გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს თავი შეაყვარა:

„მოწყენილი ვარ, რადგან აქ გამარჯვებისთვის გადმოვედი. თუმცა, დავმარცხდით. მაგრამ, მიყვარს ეს გუნდი, ეს ქალაქი, ჩემი მეორე სახლია. მიკვირს, რომ ხალხი ახლაც მაჩერებს ქუჩაში და მეუბნებიან: „მადლობა რაც გააკეთე“. ეს შესანიშნავია და მნიშვნელოვანია. აქაური ხალხი ყოველთვის ოჯახივით იყო ჩემთვის. როგორც უკვე ვთქვი, საკმარისია აპლოდისმენტებს მოუსმინო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები