LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი დევაძის დასახმარებლად ფეხბურთის ვარსკვლავები საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

47

30 მარტს, ახალ სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება საქველმოქმედო მატჩი აკაკი დევაძის დასახმარებლად. მას მკურნალობისთვის 90 000 დოლარი ესაჭიროება. 10 000 დოლარი ფეხბურთის ფედერაციამ უკვე გადარიცხა. შექმნილია სპორტსმენთა სოლიდარობის ფონდი, სადაც ნებისმიერს შეუძლია თანხის გადარიცხვა.

საქველმოქმედო ღონისძიებებში ჩართულია ყველა მისი ყოფილი თანაგუნდელი. შეხვედრაში მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც მიიღებს. კარში ლეგენდარულ ოთარ გაბელიას ვიხილავთ. მსაჯი დიმა ობოლაძე იქნება. კაკო დევაძის დასახმარებლად ასევე ჩართულები არიან სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებიც. ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დათო ქევხიშვილი.

დასწრება უფასოა, მსურველებს საშუალება ექნებათ საკუთარი სურვილის და შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს დახმარება საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს.

ასევე აღსანიშნავია, რომ აკაკის დასახმარებლად 6 აპრილს დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი.
სხვათა შორის, დღევანდელი დღე 29 მარტი გამორჩეული თარიღია ქართული ფეხბურთისთვის. სწორედ 29 მარტს ითამაშა საქართველომ თბილისში გერმანიის ნაკრებთან (ჯერ 1995 წელს, შემდეგ კი შარშან ამავე დღეს. ორივე მატჩი 0:2 დასრულდა). მიუხედავად გაშვებული გოლებისა, კაკო დევაძე საუკეთესო იყო იმ, 21 წლის წინანდელ დაუვიწყარ შეხვედრაში და დიდებულად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები.

”ჩემი დროის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. მაშინ მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე იყო, ნაკრებში კი თამაშობდნენ ქინქლაძე, არველაძეები, ნემსაძე, ჯამარაული, ცხადაძე, შელია… ერთი სიტყვით, კარგი გუნდი ვიყავით და კარგ ფეხბურთსაც ვთამაშობდით. ძალიან მეგობრული გუნდი იყო. ერთადერთი საერთაშორისო ასპარეზზე გამოუცდელობა გვაკლდა. ამიტომ იყო, რომ მესამე ადგილზე გავედით, არადა ძალიან დიდი შანსი გვქონდა მეორე ადგილი დაგვეკავებინა.

ჩემი თამაშებიდან ყველაზე მეტად 1995 წლის 29 მარტის გერმანიასთან თამაში დამამახსოვრდა. ამ დონის გუნდთან არც გვითამაშია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. იმავე წელს მივიღე წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. მაშინ ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. ცხოვრების მიზანი, ვყოფილიყავი საუკეთესო ფეხბურთელი, ამისრულდა. ისეთი ფეხბურთელების გვერდით როგორებიც იყვნენ ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული და ა.შ იქ რომ დაგასახელებენ საუკეთესოდ, ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს იმაზე მეტყველებდა თუ რა დონის ნაკრები გვყავდა, როდესაც მეკარე იღებდა საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას”.

ნინო როსტიაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები