ნატურალური პროდუქცია, რომელიც უკანა ფშავში 24 წლის მცირე მეწარმე ნოდარ ტოხოსაშვილს მოჰყავს, თბილისში იყიდება. როგორც ”ფორტუნას” ტოხოსაშვილმა განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური პროდუქტების დეფიციტია, მის ნაწარზე მოთხოვნა დიდია და რეალიზაციაც არ უჭირს.
”ფშავში მაქვს შერეული მეურნეობა, რომელიც სეზონურია და გაზაფხულიდან შემოდგომამდე გრძელდება. სწორედ ამ პერიოდში ვარ მთაში, სადაც დედასთან ერთად მივდევ მეფუტკრეობას, მებოსტნეობასა და მესაქონლეობას. საქონელს გაზაფხულზე ვიბარებ მათგან, ვისაც მოვლა უჭირს, შემოდგომაზე კი წარმოებული პროდუქტის 50%-ს, საფასურის სახით, მათ ვუტოვებ”, – აღნიშნა ტოხოსაშვილმა.
როგორც ახალგაზრდა მეწარმემ განმარტა, აწარმოებს თაფლს, ყველს, ერბოს, დამბალ ხაჭოს. ასევე მოჰყავს კომბოსტო, ხახვი, კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო და ნიორი.
”პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, შემოდგომაზე ვტოვებ უკანა ფშავს და ჩამოვდივარ დუშეთში. სამწუხაროდ, ფშავში კომუნიკაციის პრობლემებია. არ არის ელექტროენერგია, არ იჭერს ტელეფონი, არ გვაქვს ინტერნეტი… ამიტომ, სეზონურად მოყვანილი პროდუქცია ჩამომაქვს დუშეთში და უკვე აქედან, ჩემი ”ფეისბუქის” ოფიციალური გვერდის საშუალებით ვყიდი. რაც შეეხება ფასებს, ისინი საშუალოა. მაგალითისთვის, ყველი 12 ლარი ღირს, დამბალ ხაჭო- 20 ლარი. მოთხოვნა კი ძირითადად თბილისიდანაა”, – განაცხადა ნოდარ ტოხოსაშვილმა.
ახალაგზრა მეწარმე სამომავლოდ წარმოების გაზრდასაც გეგმავს. როგორც ტოხოსაშვილმა აღნიშნა, გააფართოვა დასამუშავებელი მიწების რაოდენობა, რომელთა ხვნის პროცესიც მაისში დაიწყება. გარდა ამისა, მერძევეობის განვითარების მიზნით დანადგარების შეძენას გეგმავს, რისთვისაც პროექტ ” აწარმოე საქართველოში” მიიღებს მონაწილეობას და დაფინანსების მიღებას შეეცდება.
