საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა დაიწყო. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, გერმანულმა ავიაკომპანიამ ფრანკფურტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას პირველი პირდაპირი რეისი Airbus 321-ით შეასრულა. პირველი რეისით 140-მა მგზავრმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა.
„Condor-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვანია, როგორც პირდაპირი რეისების კუთხით, თბილისსა და ფრანკფურტს შორის საკმაოდ დიდი სამგზავრო ნაკადების მიმართულებით, ასევე ტრანსატლანტიკური მნიშვნელობითაც, რადგან ავიაკომპანია Condor საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ამერიკის ბაზარზე. შესაბამისად, ქართველ მგზავრებს საშუალება ექნებათ შეერთებული შტატების მიმართულებითაც იფრინონ ავიაკომპანიის საშუალებით“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.
პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი გზა გაიხსნა. შესრულდება რეგულარული რეისები თბილისსა და ფრანკფურტს შორის. ეს ხელს შეუწყობს ტურისტული სექტორის განვითარებას. არაერთ ტურისტს საშუალება ექნება მოინახულოს ულამაზესი საქართველო და საქართველოს მოქალაქეებსაც მიეცემათ საშუალება ჩვენი ღირსშესანიშნაობების მონახულების“, – განაცხადა Condor Airlines-ის ახალი მიმართულებების მენეჯერმა ფლორიან სტალიმ.
ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შესრულდება.