LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა აუცილებელია, ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა მაღალი ტემპით გაგრძელდეს“ – რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა

116
ing (1)

საქართველომ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და სომხეთის მთავრობები მზად არიან, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განავითარონ:

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ასევე, გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას და ზოგადად, ურთიერთობებს.

მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს მიაღწია.

სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. გასულ წელს სომხეთიდან, თითქმის, მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით.

ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ, რომ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს კარგი პარტნიორობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დე-ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე ეს მოცემულობა გაფორმდა და ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მადლიერები ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე მთავრობა მზად ვართ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, ახლა აუცილებელია, ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა მაღალი ტემპით გაგრძელდეს:

„საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს.

ბატონმა პრემიერმა კარგად იცის ჩემი და ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთლიანად რეგიონის ქვეყნებს და ხალხს სარგებელს მოუტანს.

ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, მინდა გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააგრძელებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ერებისთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია, ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისათვის, არამედ რეგიონისთვისაც.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია მაღალი ტემპით გაგრძელდეს ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტების მიმართ, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი, ისტორიული, მადლობა ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას – ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ერთობლივ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას და ხელი მოაწერეს სტრატეგიული ურთიერთობის დეკლარაციას, რაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“.

„მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს.

ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ტარდება ყოველთვის და ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით.

ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ურთიერთობის მიმართულებით აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და ამ შემთხვევაში საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება.

ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რაზეც ვისაუბრე და წარმოვადგინე გასული წლის ოქტომბერში ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზე მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.

სომხეთმა და საქართველო დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისათვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები