„ძალიან მალე დადგება ის დღე, როცა ყველა უკრაინის გამარჯვებას იზეიმებს“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანია განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, „მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინით ცხოვრობს.“
„დღეს ყველა უკრაინას თანაუგრძნობს, ვუყურებთ და თვალს ვადევნებთ, ერთი წელი შესრულდა რაც ეს ხალხი გმირულად დგას. რა თქმა უნდა, ძალიან მალე მოვა ის დღე, როცა ყველა უკრაინის გამარჯვებას იზეიმებს, ეს ფაქტია. დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ექსპრეზიდენტის დედამ აღნიშნა, უკვე ხუთი თვეა მუდმივად სიცხე აქვს.
„მაგალითად, გუშინ საღამოს 38,3 ტემპერატურა ჰქონდა და დღეს ოდნავ დაეწია, გამუდმებით სიცხე აქვს. ჯერ როგორ უნდა ჭამოს, როცა ადამიანი მოწამლულია. ე.ი. ყველაფერს ამბობენ გარდა იმისა, რომ ადამიანი მოწამლულია. აი, ეს არის მიზეზი რატომაც ვერ ჭამს. თქვენ „დაგუგლეთ“ და ნახეთ, სიცხე რისი მიზეზი შეიძლება იყოს, თუ არ ნახავთ იქ მოწამვლას“, – განაცხადა ალასანიამ.
ყოფილი პრეზიდენტის დედის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა „აკერმანის იურიდიულ ჯგუფი“ მეტი დამაჯერებლობისთვის დაიქირავა.
„ლობისტური კომპანია კი არა იმას ჩემთვის იურიდიული კომპანია ჰქვია, უკვე მასთან ვთანამშრომლობთ. არ ვიცით ვაპირებთ თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას, მე და ჩემს ძმას იმ ხალხთან კონტრაქტი გვაქვს. მე მათი კმაყოფილი ვარ, ისინი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან.
უკმაყოფილო ვარ იმით, რაც აქ ხდება და ყველა კოლექტიურად რომ იღებთ ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობას. ძალიან მიკვირს, რომ კლავთ იმ ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო აგიშენათ. მეტი დამაჯერებლობისთვის დავიქირავეთ, საჭიროა იმიტომ, რომ აქ არავის აღარ აქვს ნდობა, ხომ ხედავთ. ეს გვჭირდებოდა მეტი დამაჯერებლობისთვის.“– დასძინა ყოფილი პრეზიდენტის დედამ.
