9 და 16 აგვისტოს ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ვიცე-ჩემპიონ „კუკეშს“ შეხვდება. პირველი დაპირისპირების მასპინძელი ქუთაისელები იქნებიან, თამაში თბილისში მიხეილ მესხზეა.
თამაშამდე ორი დღით ადრე, ალბანელებმა ქართულ მხარეს მძიმე ბრალდება წაუყენეს და ვითარება დაძაბეს.
„კუკეშის“ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გავრცელდა:
„საქართველო ჩვენს მოთამაშეებს ვიზებს არ აძლევს.
ჩვენ დიდი შეშფოთებით გაცნობებთ, რომ ევროპის ლიგის მესამე რაუნდის პირველი მატჩში, რომელიც 9 აგვისტოს, 21:00 საათზე თბილისში გაიმართება, ჩაშლის რისკის წინაშე დადგა, რადგანაც ჩვენ ოთხ მოთამაშეს საქართველოს ხელისუფლება ვიზას არ აძლევს. კერძოდ, მოზამბიკელ ფაიტ რეგინალდოს, მაკედონიელ ვალომ ეტრემსა და ედის მალიგის და კოსოვოელ ფატენ ნაიმს. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტყეთ, რომ „ტორპედოს“ ვხვდებოდით, მივიღეთ ურთიერთობა გუნდთან, რომელიც ჩვენს გაგზავნილ მოთხოვნებს მოთამაშეების ვიზებთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს.
შესაბამისი დოკუმენტაცია მასპინძელ კლუბს და სტამბოლში საქართველოს საკონსულოში გავაგზავნეთ. მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლებს, რომ ვიზების მიღებაში დაგვეხმარონ. ქართული კლუბი და ამ ქვეყნის ხელისუფლება დაგვპირდნენ, რომ პრობლემა მოგვარდებოდა. მაგრამ დღეს, 17:00 საათზე გვითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. არსებულ ვითარებაში, ვითხოვთ უეფასგან, რომ ეს მატჩი არ ჩატარდეს, რადგან „კუკეშის“ ოთხი მოთამაშე გუნდთან ერთად ვერ მიემგზავრება.
თუმცა, ამ მოთამაშეთა მგზავრობისა და სასტუმროს ფული გადახდილია. დელეგაცია საქართველოში დღეს გაემგზავრება. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობას, რომ პრობლემები მოგვარდეს. სხვაგვარად, მატჩი გადაიდება და პასუხისმგებელი ქართული მხარე იქნება, რადგან ფეხბურთი ხალხებს აერთიანებს, რასაც ჩვენი მეტოქე არ იზიარებს. ეს ჟესტი ზიანს აყენებს საფეხბურთო და სამართლიან თამაშს“, – წერია „კუკეშის“ განცხადებაში.
ქუთაისის „ტორპედოში“ კატეგორიულად უარყოფენ იმ ბრალდებას, რაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისმა მეტოქემ, ალბანურმა „კუკეშმა“ წამოაყენა.
ქუთაისურ კლუბში ამ ბრალდებით გაკვირვებულები არიან. პირველ არხს კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ „ტორპედო“ ცდილობს, თამაშამდე ვითარება არ გაამწვავოს. მაგრამ განმარტა, რომ „ტორპედომ“ ამ მოთამაშეებზე მიწვევა გაგზავნა, თანაც მოთხოვნიდან 10 წუთში.
როგორც ირკვევა, პრობლემა იმან შექმნა, რომ „კუკეშს“ ჰყავს კოსოვოელი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველო არ აღიარებს და შესაბამისად, მათ მოქალაქეებზე ვიზები არ გაიცემა. თუმცა, „ტორპედომ“ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიაღწია, რომ გამონაკლისის სახით ფატენ ნაიმზე ბოლო მომენტში ვიზა გასცეს. ასევე, პრობლემურია საქართველოში მოზამბიკის მოქალაქის შემოსვლა, ალბანელებმა კი ვიზის მოთხოვნა დააგვიანეს და მისი საკითხი ვერ მოგვარდა. მაკედონიელებს რაც შეეხება, მოთხოვნა ქუთაისელებს მხოლოდ 6 აგვისტოს გამოუგზავნეს, ერთ დღეში კი ვიზა არ კეთდება.
სხვათა შორის, „ტორპედოს“ მსგავსი პრობლემა შეექმნა ფარერების კუნძულის „ვიკინგურთან“ გასვლით შეხვედრაზე, სადაც ქუთაისელთა ახალწვეულებს, სურინამელ გლეოფილო ჰასელბაინკსა და სენეგალელ არფანგ დაფეს ვიზები არ მისცეს და გუნდმა შეხვედრა მათ გარეშე ჩაატარა.