რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების” მოცეკვავე ნათია ბაკურაძე სტუმრობდა, რომელმაც პირად, შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრა და ცნობილი სიმღერის „გაზაფხულის“ საკუთარი ვერსია შესთავაზა მსმენელს.
პროფესია
ცეკვა ადრეულ ასაკში, პრაქტიკულად ფეხის ადგმისთანავე დავიწყე. 10 წლისამ ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში ჩავაბარე, სადაც ექვსი წელი ვსწავლობდი. მოგვიანებით სპორტის აკადემიაში მივიღე განათლება სარეაბილიტაციო-სამკურნალო მედიცინის სფეროში, რაც ძალიან გამომადგა, რადგან თვითონ ვარ საკუთარი თავის რეაბილიტოლოგი.
„გაზაფხული“
სიმღერის ჩაწერა მართლაც უჩვეულო ექსპერიმენტად იქცა. მართალია, ჩემს პარტნიორს ძალიან უნდა საახალწლოდ კიდევ ერთი სიმღერის გაკეთება, მაგრამ მეეჭვება, კიდევ გავბედო, რადგან ნამდვილად არ ვთვლი საკუთარ თავს მომღერლად. სიმღერის რამდენიმე გაკვეთილი გავიარე, ყველაფერს პასუხისმგებლობითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით ვაკეთებ, რათა ჩემი ყველა გამოსვლა და ყველა ნამუშევარი ხარისხიანი და ფასეული იყოს.
ღია სცენა თაკარაზე „სუხიშვილების“ საზაფხულო კონცერტების დროს ჩვენმა ბას-გიტარისტმა პაატა გაბუნიამ, რომელიც თვითონაც არაჩვეულებრივად მღერის, სიმღერის ჩაწერა შემომთავაზა. ალექსანდრე ბასილაიას „გაზაფხული“ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა, ამიტომ უარი ვერ ვთქვი და შეთავაზება მივიღე. სიმღერა ჩემებურად – მშვიდად, ნაზად შევასრულე, თუმცა საბოლოოდ რა გამოვიდა მსმენელმა უნდა შეაფასოს.
პაატა არაჩვეულებრივი მუსიკოსია, მის გარეშე წარმოუდგენელია „სუხიშვილების“ მუსიკალური გაფორმება. ამასთანავე, ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს და ბრწყინვალედ მღერის.
ნათია ბაკურაძე & პაატა გაბუნია – „გაზაფხული“
„ვაკეირო“
ყოველთვის ვოცნებობდი საკუთარ კაფეზე, როგორც იქნა ავიხდინე ოცნება და ვაკეში პატარა სალონური კაფე „ვაკეირო“ გავხსენი. სხვათა შორის, სახელი კაფემ არა ვაკის, არამედ გურამ დოჩანაშვილის რომანის “სამოსელი პირველის” წყალობით შეიძინა, რომელშიც ვაკეიროები საოცრად კეთილი და მხიარული ადამიანები არიან.
„ვაკეიროში“ ყოველთვის შეიძლება საფირმო „ბლინების“ დაგემოვნება. არჩევანი ბლინებზე ჩემი შვილების წყალობით გავაკეთე, რადგან ძალიან უყვართ და ხშირად ვუკეთებ სახლში „ოლადებთან“ ერთად. ახლა ჩემი შვილები სკოლიდან პირდაპირ “ვაკეიროში” მორბიან და ერთი სული აქვთ მიირთვან საყვარელი ბლინები, რომლებიც ჩემი და ფრანგი კულინარის რეცეპტით კეთდება.
ოჯახი
ბავშვები ნაკლებად ინტერესდებიან ცეკვით, რადგან სპორტით არიან გატაცებული. მიხარია, რომ ორივე კარგად სწავლობს, უცხო ენები იციან და გონიერი ბავშვები არიან. მეუღლე იმ წელს გავიცანი, როცა „სუხიშვილებში“ მიმიღეს, ამიტომ ყოველთვის კარგად იცოდა, რას ნიშნავდა პროფესიონალი მოცეკვავის ცხოვრება და რეჟიმი. ყოველთვის მხარში მიდგას და მაქსიმალურად მეხმარება, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ახლა ნაკლებად ვთანხმდები ხანგრძლივ გასტროლებს, რადგან სწორედ იმ ასაკში არიან ბავშვები, როცა განსაკუთრებით სჭირდებათ დედის ყურადღება.
ჰობი
ძალიან მიყვარს ცურვა, ლაშქრობა და მუსიკის მოსმენა, ბავშვებთან ერთად თამაში და გლამურული ცხოვრება, ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც აქტიურ ცხოვრებასთან ასოცირდება.
გეგმები
გასტროლებიდან „სუხიშვილები“ დეკემბრის თვეში დაბრუნდებიან და დეკემბერშივე დავიწყებთ მზადებას საიუბილეო კონცერტებისთვის. სავარაუდოდ კონცერტები იანვარში გაიმართება და მთელი კვირა გაგრძელდება.
პედაგოგობა
რა თქმა უნდა, სიამოვნებით ავიყვანდი მოსწავლეებს და გადავცემდი ჩემს ცოდნას, მაგრამ ჯერ ნაკლებად ვფიქრობ პედაგოგობაზე, რადგან მირჩევნია მთელი დრო შვილებს დავუთმო.
დატვირთული დღე
დღე ძალიან ადრე იწყება, რადგან უამრავი საქმე მაქვს დილას. პირველ რიგში ბავშვებს ვამზადებ და მიმყავს სკოლაში, სახლში დაბრუნებულს ძაღლი მხვდება, რომელსაც არანაკლები მოვლა სჭირდება. მოგვიანებით რეპეტიციაზე მივდივარ, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდება, იქიდან კი, კაფეში გავრბივარ. ამასთანავე, თითქმის ყოველდღე მაქვს გადაღებები და ჩაწერები, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ერთი სიტყვით, ყოველთვის ძალიან დატვირთული ვარ.