ბრიტანული R&B და UK garage ჟანრის ლეგენდარული ჯგუფი – Mis-Teeq 22 წლის შემდეგ პირველად გაერთიანდა სცენაზე და გრანდიოზული დაბრუნება Britain’s Got Talent-ის ფინალში გამოსვლით აღნიშნა.
ტრიომ — ალეშა დიქსონმა, საბრინა ვაშინგტონმა და სუ-ელის ნეშმა — მაყურებელს ყველაზე ცნობილი ჰიტების, მათ შორის – Scandalous და One Night Stand მიქსი შესთავაზა.
ეს გამოსვლა მათი დაანონსებული შოუს ერთგვარი პრევიუ იყო. როგორც ცნობილია, ბენდი 12 სექტემბერს ლონდონის OVO Arena Wembley-ზე სპეციალურ საიუბილეო კონცერტს – A One Night Stand with Mis-Teeq გამართავს.
შოუ კოლექტივის სადებიუტო ალბომის, Lickin’ on Both Sides გამოშვებიდან 25 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ცნობისთვის, Mis-Teeq 1999 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა და უდიდესი გავლენა მოახდინა 2000-იანი წლების ურბანულ მუსიკაზე. ჯგუფი თავდაპირველად კვარტეტი იყო, თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას ტრიოს სახით მიაღწია. მეოთხე წევრმა, ზენა მაკნალიმ ჯგუფი 2001 წელს, პირველივე ალბომის გამოშვების შემდეგ დატოვა, რათა სოლო კარიერა დაეწყო.
არსებობის განმავლობაში ჯგუფმა გამოუშვა ორი ძირითადი სტუდიური ალბომი: Lickin’ on Both Sides 2001 და Eye Candy 2003 წელს. სწორედ მეორე ალბომმა მოუტანა ჯგუფს საერთაშორისო აღიარება, საიდანაც სიმღერა – Scandalous მსოფლიო ჰიტად იქცა, აშშ-ის ჩარტებში შეიჭრა და ფილმის – Catwoman საუნდტრეკიც გახდა.
2005 წელს, წარმატების პიკში ყოფნისას, ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა. მთავარი მიზეზი მათი ხმისჩამწერი ლეიბლის, Telstar Records გაკოტრება გახდა. წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი კონტრაქტის ძებნას, სოლო პროექტებზე მუშაობა და დამოუკიდებელი კარიერის შექმნა ჯობდა.