პოპულარული მარკა Alpina, ახალი, მეშვიდე სერიის გაუმჯობესებული მოდელის პრეზენტაციისთვის ემზადება. ეს გახლავთ კომპანია, რომელიც BMW-სთან ერთად, უნიკალურ სპორტულ და არამხოლოდ სპორტულ ავტომობილებს ქმნის. მანამ, სანამ დაპირებული ავტომობილის პრეზენტაცია გაიმართება, თვალი გადავავლოთ Alpina-ს მიერ დამზადებულ პროექტებს, რომლებიც 50 წელზე მეტია, რაც ავტომოყვარულების საოცნებო მოდელები გახლავთ.
მაშ ასე:
Alpina 3.0 CSL
ავტომობილის შექმნის იდეა, BMW 3.0 CS – 3.0 CSL მოდელების შემსუბუქება გახლდათ, რომლის ავტორიც ბურკარდ ბოვენზიპენი გახლავთ. სწორედ ამ ადამიანის სახელს უკავშირდება Alpina-ს დაარსებაც. სწორედ ამ იდეამ განაპირობა BMW-სა და Alpina-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა.
70-ან წლებში Alpina-მ რამდენიმე სპორტული ვარიანტიც წარმოადგინა, იმ დროისათვის უცხო აეროდინამიკულმა დეტალებმა კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა, ხშირად მას ”ბეტმობილადაც” მოიხსენიებდნენ.
Alpina B7 Turbo Coupe
Alpina-სა და BMW-ს თანამშრომლობა, 70-ანი წლების მიწურულს B7 მოდელის გაუმჯობესებით გაგრძელდა. იმ დროისათვის B7 Turbo Coupe ერთ-ერთი უსწრაფესი ავტომობილი გახდა.
ავტომობილი, რომელიც მეექვსე სერიის ბაზაზე დამზადდა 6 ცილინდრიანი 326 ცხენის ძალის მქონე ტურბინიანი ძრავით წარსდგა მომხმარებლების წინაშე, ეს ავტომობილი სულ რაღაც 153 ეგზემპლარად დამზადდა.
Alpina B10 Bi-Turbo
Alpina B10, 1980 წელს გამოჩნდა საავტომობილო ბაზარზე. საბაზისო ვერსია მეხუთე სერიის E34 გახლავთ, რომელსაც 3,5 ლიტრიანი ძრავი ჰქონდა. ხოლო, Alpina-ს მიერ გაუმჯობესებული მოდელი დამატებით ორი ტურბინით უფრო მძლავრი და სწრაფი გახდა.
გაუმჯობესების შემდეგ ავტომობილის სიმძლავრემ 360 ცხენის ძალა შეადგნა და 5,6 წამში 100კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მაქსიმალური სიჩქარე კი 290კმ/სთ-მდე გაიზარდა.
Alpina B12
90-ანი წლების ბოლოს Alpina-მ ლეგენდარული მერვე სერიის ავტომობილს მოჰკიდა ხელი. კომპანიამ მალევე წარმოადგინა ავტომობილის ორი 5,0 ლიტრიანი და 5,7 ლიტრიანი ვერსია. რომელთა სიმძლავრემაც 350 და 416 ცხენის ძალა შეადგინა.
ამ ორიდან უძლერესი 100კმ/სთ აჩქარებას 5,8 წამში ახერხებს. მაქსიმალური სიჩქრე კი 300კმ/სთ გახლავთ.
Alpina Roadster Limited Edition
უყურადღებოდ არ დარჩენილა არც უიშვიათესი BMW Z1. Alpina-მ ავტომობილის 73 ვერსია დაამზადა. თითოეულის სიმძლავრე 200 ცხენის ძალა გახლავთ. სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით გაუმჯობესებული ვერსია 30 ცხენის ძალით მძლავრი გახლავთ.
დონორი Roadster-ისგან განსხვავებით, Alpina-ს ვერსია სალონისა და ექსტერიერის დიზაინითაც გამოირჩეოდა, თუმცა, უცვლელი დარჩა მთავარი – უცნაური კარები, რომელის გაღებისას შასში იმალებოდა.
Alpina BSS
2000 წელს Alpina-მ კვლავაც უახლესი ავტომობილი წარადგინა. რომელის საბაზისო ვერსიაც მეხუთე სერიის E60/61 გახდა. გაუმჯობესებულმა მოდელმა 530 ცხენის ძალიანი მძლავრი აგრეგატი მიიღო.
4,4 ლიტრიანი V8 ტიპის ტურბინით აღჭურვილი ავტომობილი 100კმ/სთ სიჩქარით ასწრაფებას 5,9 წამს ანდომებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 310კმ/სთ გახლავთ.
Alpina B6 GT3 Coupe
თანამშრომლობამ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებშიც გადაინაცვლა და 2009 წელს Alpina-მ ერთ-ერთი საუცხოო სარბოლო კუპე B6 GT3 Coupe დაამზადა. რომელიც კარბონის შასით იყო წარმოდგენილი.
მისი 4,4 ლიტრიანი ძრავი სპეციალურად Alpina-მ შექმნა, მისი სიმძლავრე 530 ცხენის ძალაა, ხოლო 100კმ/სთ სიჩქარეს 3,8 წამში ანვითარებს.
Alpina XD3 Bi-Turbo
მიუხედავად იმისა, რომ Alpina მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა დიზელზე მომუშავე ძრავებისთვის, მაინც გადაწყდა, რომ X3, XD3 Bi-Turbo-დ გადაკეთებულიყო.
ავტომობილის სიმძლავრე 370 ცხენის ძალაა, მთავარი ღირსება კი 6 ცილინდრიანი, Bi-Turbo ტიპის ძრავია.
Alpina B7 Bi-Turbo F01
ამჯერად Alpina , როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ ახალი მოდელის პრეზენტაციისთვის ემზადება. მეშვიდე სერიის ეს ავტომობილი სავარაუდოდ 540 ცხენის ძალიანი 4,4 ლიტრიანი, V8 Bi-Turbo ძრავით იქნება წარდგენილი.
როგორც ცნობილია, ამ მოდელის როგორც წინა, აგრეთვე უკანაწამყვანთვლიან ვერსიებიც დამზადდება. თუმცა, მთავარი სიახლე წინაა…
Alpina B7 G11
ამ ეტპაზე, უახლესი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება. აგრეთვე უცნობია ავტომობილის პრეზენტაციის დრო და თარიღი. მოსალოდნელია, რომ უახლესი ავტომობილი 600 ცხენის ძალიანი ძრავით იქნება აღჭურვილი, მაქსიმალური სიჩქარე კი 300კმ/სთ იქნება.