„ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, რომ თითქოს „ენკას“ მიერ კონტრაქტი არის შეწყვეტილი,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტობრივი გარემოება, მოცემულობა ჯერ არ დამდგარა და რეალურად პროცესი მიმდინარეობს, არ დასრულებულა. ღუდუშაურის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდეს, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იყოს საზოგადოების ინტერესი.
„ფაქტობრივი გარემოება და მოცემულობა ჯერ არ დამდგარა, ეს არის პროცესი, რაც არის გაცხადებული. როცა ეს პროცესი არ დასრულებულა და ფაქტობრივი გარემოება არ დამდგარა, ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, რომ თითქოს ეს კონტრაქტი არის შეწყვეტილი.
მე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის სახელმწიფოებრივად მოწოდებული და სახელმწიფო ინტერესები არის დაცული, არის უმნიშვნელოვანესი.
ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ კვლავაც ყველაფერს, რომ განხორციელდეს პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაცული იყოს ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის,„ნამოხვანჰესი“ აღარ აშენდება: ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს
გუშინვე, ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ინვესტორ კომპანია „ენკასთან“ კომუნიკაცია გაგრძელდება, რათა სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება გამოინახოს.