საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა, მათ შორის იყო მსახიობი ნანკა კალატოზიშვილიც.
მსახიობმა „ტვ პირველთან“ იმ ემოციებზე და იმ ერთიანობაზე ისაუბრა, რაც ნაკრების ფეხბურთელებმა საქართველოს და ქართველ ხალხს განაცდევინეს.
„ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვიყავით ამ თამაშებზე და ძალიან მინდა, მართლა მინდა, ყველა ადამიანს ვთხოვო, რომ ეს შეგრძნება გავიხანგრძლივოთ, აღარ დავკარგოთ და ხელი აღარასოდეს აღარ გავუშვათ, რადგან ამ ბიჭებმა წარმოუდგენელი ბედნიერება გვაჩუქეს, სიყვარული, ერთობა დაგვანახეს.
აი ასეთი საქართველო მინდა, როგორიც იყო ეს ბოლო რამდენიმე კვირა. ასეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, როცა ყველა ერთმანეთს ეხუტება, არ ეკითხებიან არაფერს და ყველას ერთმანეთი უყვარს. დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭების საჩუქარს ხელიდან აღარასოდეს არ გავუშვებთ“. – აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა – 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება
ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა და სწორედ იმ შეძახილებით შეეგება, რომლითაც ევრო 2024-ის პირველი დღიდან ამხნევებდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. „ჯვაროსნები“, გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გერმანიიდან საქართველოში 2 ივლისს, დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.