„ამას ისეთ კონფლიქტს ვერ დავარქმევდი, ცოტა, ოდნავ ორივე მხრიდან ხმას ავუწიეთ,“ – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და თქვა, რომ ვაშაძე „ცოტა ემოციურია.“
იოსელიანის თქმით, ვაშაძესთან სიტყვიერი დაპირისპირება პენსიებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოხდა.
„ბიუროზე არაფერი მომხდარა, რომ გამოვედით, შემდეგ იყო საპენსიო კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი. სერიოზული არაფერი, რომ ამხელა ყურადღებად ღირდეს. ამას ისეთ კონფლიქტს ვერ დავარქმევდი, ცოტა, ოდნავ ორივე მხრიდან ხმას ავუწიეთ.
მე მის კანონპროექტთან დაკავშირებით მქონდა შეკითხვა, რას ეხებოდა კანონპროექტი, რომელიც მან შემოიტანა. ზოგადად, შეიძლება ცოტა ემოციურია და შეიძლება ჩემი კითხვა ისე არ მიიღო როგორც უნდა მიეღო, ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ამხელა ყურადღებად ღირდეს,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ შეკამათება დეპუტატებს მას შემდეგ მოუვიდათ, რაც ბიუროს სხდომა დატოვეს. დერეფანში კამათის დროს ვაშაძემ იოსელიანს „უზრდელი უწოდა.“