LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბავი ძაღლის ადვოკატის შესახებ, რომელიც სოცქსელებში პოპულარულია

dog

ნელი ბაბუციძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ძალიან სასაცილო ამბავს, რომელიც მის მეგობარს გადახდა თავს. მას სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ, ასე რომ ჩვენც გთავაზობთ.

„ჩემი მეგობარი ცხოველებისა და ფრინველების დიდი მოყვარულია. მის სახლში ნახავთ თუთიყუშ კუკურას, ფისოებს – ქეთოს და კატოს, რა თქმა უნდა, ძაღლსაც…

ერთხელაც ბელგიური ნაგაზი მოუყვანეს საიდანღაც. ნაგაზი სამხედრო პოლიციის რიგებში იყო ნამსახურები. ახალ გარემოში ძაღლმა ადვილად მოახდინა ადაპტირება, გაშინაურდა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ბრძანებებსაც ასრულებდა.

კურიოზა ცივ ნიავს არ აკარებდა, სასმელ-საჭმელს თავის დროზე მიართმევდა, ასეირნებდა, ეფერებოდა და იყო ერთ ამბავში. ძაღლიც მას მიეკედლა. უცხოების მიმართ ძაღლი აგრესიული იყო, ამიტომაც კურიოზასთან სტუმრობა რისკთან იყო დაკავშირებული.

ძაღლის მოყვანიდან 3-4 წელი მაინც იქნებოდა გასული, ერთ დღესაც კურიოზამ შენიშნა, რომ მას ბეწვის ცვენა დაეწყო, მაგრამ მთლიანად კი არა, ბუდობრივად და გაცვენილ ადგილზე მრგვალი უბეწვო სიწითლეები გაჩნდა. შეწუხდა და შეფიქრიანდა კურიოზა. დაუყოვნებლივ ეწვია თავისი ცხოველების ვეტერინარს, სანდომიან, გონიერ ახალგაზრდას და აუხსნა მდგომარეობა. ასე ზეპირად და ძაღლის უნახავად ვერაფერს გეტყვი, უნდა ვნახოო, განუცხადა ვეტერინარმა.

აბა, როგორ ნახავ, უცხოებს ახლოსაც არ იკარებსო, – უთხრა კურიოზამ.

ბიჭი მაინც გამოჰყვა სახლში. სახლს შემოვლებულ გალავანზე ავიდა და იქიდან დაათვალიერა ეზოში მოსეირნე ნაგაზი.

ამას ადვოკატი უშველის მხოლოდ, თუ იშოვითო, დაუბარა ამ ჩემს მეგობარს და წავიდა.

რას ნიშნავს, თუ ვიშოვი, ადვოკატების მეტი რა არისო, გადავუხდი და სიხარულითაც გამომყვებიანო, მაგრამ რატომ უნდა უნდოდეს, ნეტავ, ადვოკატი, ალბათ, ისეთი სერიოზული რამ სჭირს, რომ ადვოკატის გარეშე არ შეიძლება მკურნალობის დაწყებაო და დიდი თავდაჯერებით, მონდომებით და სიჩქარით მეორე დღესვე გაემართა ნაცნობ ადვოკატ გოგონასთან. ეს ადვოკატი ბოძზე გაკრული განცხადებიდან ჰყავდა გაცნობილი კურიოზას, რაღაც საქმეების მოგვარებაში ეხმარებოდა სასამართლო პროცესებზე და სწორედ მას მიადგა სამსახურში, აუხსნა ვითარება და სთხოვა ვეტერინართან გაჰყოლოდა.

დიდი ბაქიბუქით მიადგნენ ვეტერინარულ კლინიკას: კურიოზა იმ იერით, აი, თუ არ ვიშოვე ადვოკატიო, ხოლო გოგონა იმ თავდაჯერებით, რომ უიშვიათესი სპეციალისტი ვარ და ჩემზე გააკეთეს არჩევანიო.

შევიდნენ ექიმის კაბინეტრში. ვეტერინარმა, ცხადია, იცნო კურიოზა, მისი ძაღლის პრობლემაც ახსოვდა და მაშინვე ჰკითხა, რა ქენით, იშოვეთ ადვოკატიო? რა თქმა უნდა, ვიშოვეო, – უპასუხა კურიოზამ.

თავი წააწყვიტე და უბეწვო ადგილებზე ნაზად წაუსვი ნაგაზსო, – დააკვალიანა ვეტერინარმა.

ეს ხომ არ გადაირია, თავი როგორ უნდა წავაწყვიტო, წიწილა ხომ არ არის ამხელა გოგოო, – გაიფიქრა კურიოზამ. ვეტერინარმა ყოყმანი რომ შეატყო ამ ჩემს მეგობარს, უთხრა, მომეცი, მე წავაწყვეტ თავსო.

აი, ეს არისო, – ხელი მიაშვირა მოყვანილი ადვოკატისკენ კურიოზამ.

მბრუნავ სკამზე მჯდომი ვეტერინარი ჯერ გაოცდა, მერე კი ისეთი ხარხარი აუტყდა, სკამიანად გადაყირავდა…

ადვოკატი ცხოველთა ცალკეული დაავადების სამკურნალო წამლის სახელწოდება ყოფილა თურმე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g