უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუტებს ფინანსურად ეხმარებოდა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავის გახსენებია, რომ ის შესაძლოა ოლიგარქი ყოფილიყო.
„ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა – ვინ მიიჩნევა ოლიგარქად
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ოპონენტებს ეს მას შემდეგ გაახსენდათ, როდესაც მიხვდნენ, რომ კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა ოლიგარქის ცნების ქვეშ მათი რიგებიდან, ან მათი პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი პირები მოხვდებიან:
„როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, წლების განმავლობაში, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირ ხაზინაში რიცხავდა საკუთარ სახსრებს, ეხმარებოდა ქართულ ჯარს, ქართულ პოლიციას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს, რათა ისინი ფეხზე დამდგარიყვნენ და დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებულიყვნენ, მაშინ ჩვენს ოპონენტებს საერთოდ არ გახსენებიათ ის, რომ, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი ყოფილიყო.
ახლა, როდესაც დაინახეს, რომ პირნათლად ვასრულებთ 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც არის დეოლიგარქიზაცია და შესაბამისი კანონპროექტი დაინიცირდა, ნახეს რა, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად, ამ წრეში მათი რიგებიდან გარკვეული პირები, ან მათი პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი პირები მოხვდებიან, ახლა გაახსენდათ ბიძინა ივანიშვილი, რომ თურმე ის არის ოლიგარქი, მაშინ, როდესაც ადამიანი სრულად ჩამოშორებულია როგორც სახელმწიფო მმართველობას, ისე ქართულ პოლიტიკას, ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
