პროკურატურამ რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირის, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე, აპროტესტებდა დავით კირკიტაძის მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
პროკურატურის ცნობით, მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„რუსთავის საქალაქო სასამართლომ,დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა, რაც შეეხება პარლამენტის წევრ დ.კ.-ს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, “- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე და წერს, რომ “ეს არის პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა”.
დავით კირკიტაძის თქმით, მისთვის ბრალის წაყენებით ხელს ვერ შეუშლიან მათი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელ ქვეყანაში.
„ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს დაკარგვის მერე, საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა, რა გადაწყვიტეს? რუსთაველებისთვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა? ხალხისთვის ჩვენზე უკეთესი გეგმის შეთავაზება ? არა – ეს მათ არ შეუძლიათ, თუმცა რაც იციან ესაა პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა. დღეს, 15:30 საათზე უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ, მაგრამ ამით ისინი ხელს ვერ შეუშლიან ჩვენი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელ ქვეყანაში.
რუსთაველებიც აუცილებლად მიიღებენ საკუთრებაში იმას, რაც მათ ეკუთვნით, საქართველო აუცილებლად დააღწევს თავს იმ გაჭირვებას, რაშიც შეგნებულად ჩააგდო ხელისუფლებამ, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს ღირსებას”, – წერს კირკიტაძე.