LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი – რჩევები ამსტერდამში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

6037

ამსტერდამი – ქალაქი-ოცნება, ქალაქი-კალეიდოსკოპი. თავისუფლების განსახიერება, ის მუდამ განსხვავებულია, აქ ყველა იპოვის რაღაც საკუთარს. ნებისმიერისთვის ამსტერდამი უნიკალური და განუმეორებელია.

ამსტერდამი საოცარია. ტანადი და ლამაზი ხალხი, ჰაერში გაფრქვეული არომატი, ვან გოგის პალიტრა, ტიტების ზღვა, იდილიური არხები და ასაკოვანი ბებოები ველოსიპედებზე. ეს სასწაული კი არა, ამსტერდამია, დაუჯერებლად განსხვავებული, მაგრამ ყოველთვის შენი.

ამსტერდამი არავის გაანაწყენებს, სამაგიეროდ ყველას მოხიბლავს.

 

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე

 

მატარებელი

ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალება. რკინიგზის სადგური პირდაპირ აეროპორტის ქვეშ მდებარეობს (შენობის დატოვება და გარეთ გამოსვლა არ გიწევთ).
დღის საათებში დაახლოებით ყოველ 15 წუთში დადიან (ღამით ერთხელ დადის). გზას 17 წუთი სჭირდება.
მნიშვნელოვანია: თუ ამსტერდამის ცენტრში მიდიხართ თქვენ გჭირდებათ უშუალოდ სადგურ Amsterdam Centraal-ის მატარებელი (და არა რომელიმე სხვა, რომელიც Amsterdam-ით იწყება).

ამსტერდამის მატარებელი ყველაზე ხშირად 1 და 2 პლატფორმიდან გადის, მაგრამ უმჯობესია ეს ჰოლში ჩამოკონწიალებულ ელექტროტაბლოზე დააზუსტოდ.

ბილეთის ფასი ცენტრალურ სადგურამდე ერთი მიმართულებით:

1 კლასი -7,00 ევრო
2 კლასი – 4,20 ევრო
4 წლამდე ბავშვები – უფასო
4-დან 11 წლამდე (ფასდაკლება 40%) – 2,50 ევრო.

 

 

ავტობუსი

Leidseplein-მდე და მუზეუმის კვარტლამდე 30 წუთში შეგიძლიათ №197 ავტობუსით (დიდი ხანი არ არის, რაც Amsterdam Airport Express ქვია) ან ღამის ავტობუსით №97 მიხვიდეთ. ბილეთის ფასი – 5 ევრო (4-12 წლის ბავშვებისთვის – 1 ევრო, 4 წლამდე – უფასო). ბილეთს მძღოლთან იყიდით.

ავტობუსის გაჩერება ზედ აეროპორტის გამოსასვლელთანაა. გაჩერება ბევრია, თითოეულზე ელექტროტაბლო კიდია, სადაც ნახავთ რომელი ნომერი ავტობუსი გადის ამა თუ იმ ადგილიდან.

 

 

ამსტერდამის ტრანსპორტი

ქალაქის ისტორიული ცენტრი, ანუ ძირითადი ღირსშესანიშნავი ადგილების თავმოყრის ადგილი, არც ისე დიდია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც დაგჭირდებათ. მაგრამ თუ სადმე მისვლა სწრაფად და მოხერხებულად გინდათ, ისარგებლეთ ტრამვაით (განრიგი, რომელიც ვარდისფერ ფონზე წერია, დასვენების დღეებს ეხება, ცისფერ ფონზე – სამუშაო დღეებს). ავტობუსებიც ძალიან კომფორტულია და ღამითაც დადიან (1-დან 5:30 სთ-მდე).

გარდა ამისა, ქალაქში მეტროცაა – 3 ხაზი, ცენტრალურ სადგურს სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებს აკავშირებს, თუმცა ტურისტები ნაკლებად სარგებლობენ და პრინციპში არც ჭირდებათ.

ბილეთები ყველა სახეობაზე ერთია. ქალაქი ზონებადაა დაყოფილი. რაც მეტ ზონას გაივლით, მეტსაც იხდით (ისტორიული ცენტრი პრაქტიკულად ერთი ზონაა). ზონების რუკა გაჩერებებზეც კიდია და ტრამვაი-ავტობუსის შიგნითაც. ბილეთის ყიდვა შეიძლება მძღოლთანაც და ავტომატების მეშვეობით. მგზავრობის ღირებულება 2.8 ევროა და ერთი საათის განმავლობაში შეუზღუდავ მგზავრობას ნიშნავს. მოსახერხებელი ვარიანტია – შეიძინოთ ერთჯერადი D-card – 24 საათიანი 7.5 ევრო ან 2-დღიანი 12.5 ევრო.

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა ამსტერდამში დაახლოებით 60 ევროა.

 

კრუიზი არხებზე

პრინციპში ესეც ტრანსპორტის სახეობაა. ტურისტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კომპანია Canal Bus, რომელიც ტურისტული ავტობუსების მსგავს სისტემას თავაზობს (დღის განმავლობაში ნავზე ახვალთ და ჩამოხვალთ რამდენჯერაც გნებავთ).

წყლის ტრამვაი ორ მარშრუტზე დადის და დაახლოებით 20 გაჩერებას აკეთებს. მგზავრობა-გასეირნება 20-25 ევრო ღირს დღეში და 32 ევრო 48 საათში. არის 1.5 საათიანი კრუიზები (დღის, ღამის, ვახშამით ან სანთლების შუქზე). ისინი გაჩერებების გარეშე დადიან და გაცურავენ ყველაზე საინტერესო ადგილების გასწვრივ.

 

 

I Аmsterdam City Card

ტურისტები, რომლებიც გეგმავენ ბლომად იარონ და 3-4 მუზეუმსაც ესტუმრნონ, ღირს დაფიქრდნენ I Аmsterdam City Card ყიდვაზე. ის გულისხმობს მთავარი მუზეუმების და ღირსშესანიშნავი ადგილების უფასოდ ნახვას, უფასო მგზავრობას ტრამვაით, ავტობუსით და მეტროთი, უფასო კრუიზს არხებზე და მთელ რიგ ფასდაკლებებს რესტორნებსა და სუვენირების დახლებზე. ასეთი ბარათი გახლავთ 24-საათიანი (49 ევრო), 48-საათიანი (59 ევრო) და 72-საათიანი (69 ევრო).

 

რა უნდა ვნახოთ ამსტერდამში

 

რაიხმუზეუმი

ნიდერლანდების საგანძური და საუკეთესო ადგილი ქვეყნის ისტორიას გაეცნოთ. შეგიძლიათ ამსტერდამის გაცნობა სწორედ აქედან დაიწყოთ. ყოველ შემთხვევაში ეს ალბათ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შენობაა. აქ ნახავთ არა მარტო ოქროს ხანის ჰოლანდიელი ოსტატების შედევრებს, ასევე სახელოსნო და სახელოვნებო გამოფენებს. სწორედ აქ ინახება რემბრანტის სახელგანთქმული ტილო „ღამის გუშაგები“. პატარა დამთვალიერებლები კი XVII საუკუნის თოჯინების სახლებს მოყავთ აღფრთოვანებაში.

მუზეუმი ყოველდღე მუშაობს 9:00 დან 17:00 საათამდე.
ბილეთი 17.5 ევრო ღირს, 18 წლამდე უფასოა.

 

სამეფო სასახლე

დღეისათვის სამეფო ოჯახის წევრები სასახლეს მხოლოდ ოფიციალური ღონისძიებების და დღესასწაულებისთვის იყენებენ. ასე რომ, მონარქების საცხოვრისი უბრალო მოკვდავებისთვისაც ღიაა. შიგნით კი მართლაც არის სანახავი. მონარქების მოსასვენებლები, დარბაზები, დიდებული სკულპტურები, ავეჯი და სურათები.

ტურისტებისთვის სასახლე (აგებულია მე-17 საუკუნეში) ღიაა სამშაბათიდან კვირამდე 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. შესასვლელი ბილეთი 10 ვროა, ბავშვებისთვის უფასოა. სასახლეში კი შეგიძლიათ 60 ევროდ ინდივიდუალური ექსკურსია შეუკვეთოთ. აუდიოგიდი უფასოა.

 

 

coffeeshop

ყველაზე პოპულარული, ხალხით სავსე და არც თუ იაფი (მაგრამ მაინც და მაინც არც ძვირი). მათი მოძებნა სირთულეს არ წარმოადგენს. რეკომენდირებული ადგილებია: Bulldog – ქსელი ტურისტებისთვის, Grey Area, The Bluebird – მიიჩნევა საუკეთესო არჩევანად, De Kuil (420 Cafe), Global Chillage, Barney’s, Rokerij, Kandinsky, Club Media (უფასო ხილი!), Katsu, The Greenhouse, De Dampkring, De Kroon, Abraxas და Homegrown Fantasy.

 

ზოგი რამ, რაც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ – საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აკრძალულია. მოსაწევის ქვეყნის გარეთ გატანა არაფრით არ შეიძლება. გარდა ამისა, ტურისტმა სამ ნამცხვარზე მეტი არ უნდა მიირთვას. ბუნებრივია საუბარია არა ჩვეულებრივ, არამედ ჰაშიშიან ნამცხვარზე, ასევე სოკოზე, რომლებიც Smart Shop-ში იყიდება და უმჯობესია დახედოთ შეფუთვას.

 

ვან გოგის მუზეუმი

თუ მხატვრობის და ვან გოგის მოყვარული არ ხართ, მაინც არ დაიზაროთ ამ ცნობილ მუზეუმში შესვლა. მით უმეტეს, რომ ხუთშაბათობით (15:30) და პარასკეობით (19:00) მუზეუმში უფასო ჯგუფური ექსკურსიებია ინგლისურ ენაზე.’

ბილეთი 17 ევრო ღირს, 18 წლამდელთათვის უფასოა (ასაკის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოთ). სამუშაო საათებია 9:00-17:00 (პარასკევს 22:00 სთ-მდე).

 

 

10 რამ რაც უნდა გააკეთოთ ამსტერდამში

 

ეწვიეთ საფუნთუშოებს და ყველის მაღაზიებს

გემო გაუსინჯეთ არა მარტო ჰოლანდიურ სორტებს – არჩევანი საფრანგეთიდან ნორვეგიამდეა. ყველთან დამატებით გთავაზობენ თბილ პურს, კვახის და მზესუმზირის თესლით, კაკლით.


შეხედეთ ამსტერდამს წყლიდან

ყველაზე მარტივი საშუალება – წყლის ექსკურსია. ამსტერდამში დაახლოებით 90 კუნძული და 1500-ზე მეტი ხიდია.

 

ესტუმრეთ მუზეუმებს

ამსტერდამში 50-მდე მუზეუმია. ყველაფერია მაღალი ხელოვნების და თანამედროვე ინტერაქტიული მუზეუმის მოყვარულთათვის. მუზეუმებზე ოდნავ ქვემოთ ცალკე ვისაუბრებთ.

 

წაიცელქეთ

ამსტერდამი თავისუფლების ქალაქია და იყავით როგორიც ხართ. გააკეთეთ რაც გნებავთ (ადგილობრივი მორალის და კანონის ფარგლებში). კოფიშოპში შედით, თუნდაც ატმოსფეროს სანახავად. მარიხუანა კი ყველგანაა: მაგნიტებიდან დაწყებული ჩუპა-ჩუპსებით და კექსებით დამთავრებული.

 

გაისეირნეთ წითელი ფარნების უბანში

ცნობილი კვარტლის სახელწოდება წითელი ფანრებიდან მოდის, რომლებიც საროსკიპოების ფანჯრებზე დგას. აქ ბევრი სექსშოპია წარმოუდგენელი ფანტაზიის სუვენირებით. გახსოვდეთ, აქ ფოტოების გადაღება აკრძალულია.

 

გემრიელად მიირთვით

Leidseplein-ზე მყუდრო ადგილს მიაგნებთ – აქ რესტორნების მთელი კვარტალია (ბერძნულიდან დაწყებული ინდურით დამთავრებული). ერთ ქალაქში ხართ და დააგემოვნებთ მთელი სამყაროს სამზარეულოს. ჰოლანდიურ ტავერნას კი წარწერით Heineken და ხალხმრავლობით ამოიცნობთ. ადგილობრივი კერძებიდან რეკომენდირებულია ქაშაყი, ხორცის ბურთულები ბიტერბოლენი და კარტოფილი-ფრი.

 

მიდით ყვავილების ბაზარში

ნიდერლანდები ტიტების ქვეყანაა. სინგელის არხზე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მუშაობს მცურავი ყვავილების ბაზარი (1862 წელს გაიხსნა). შეგიძლიათ ბოლქვები სახლშიც წამოიღოთ. ამსტერდამიდან 15 კმ-ში კი მდებარეობს კომპლექსი ცვარტე მარკტ – უდიდესი ევროპაში.

 

მოძებნეთ I AMSTERDAM

უზარმაზარი ასოები 2004 წელს გამოჩნდა ქალაქის იმიჯის გაუმჯობესების კამპანიის ფარგლებში. ამსტერდამში ასეთი სამია: რაიხმუზეუმის წინ, მოედანზე; სხიპხოლის აეროპორტში და მობილური ვერსია, რომელიც მთელ ქალაქში გადაადგილდება. I Amsterdam-ს ყველა სუვენირზე ბეჭდავენ.

 

გაისეირნეთ ველოსიპედით

იგრძენით თავი ადგილობრივად… გაქირავების პუნქტები საკმარისადაა, არის ასევე ველოექსკურსიები.

 

გაიცანით ცხოველები

ზოოპარკი „არტისი“ 1838 წელს გაიხსნა. ვოლიერებში 900-ზე მეტი სახეობის ცხოველია, არის აკვარიუმი, მცირე პლანეტარიუმი, პეპლების და რეპტილიების პავილიონები.

ზოოპარკში მოხვდებით 1 ნოემბრიდან 31 მარტამდე 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე კი 18:00 სთ-მდე. ბილეთი დაახლოებით 20 ევროა. შეღავათია 3-9 წლის ბავშვებზე.
ზოოპარკამდე მიხვალთ №9, 10, 14 ტრამვაით ან №56 ავტობუსით.

 

 

სხვა ღირსშენაშინაობები

 

 

 

მუზეუმები

 

 

ზღვაოსნობის მუზეუმი
Kattenburgerplein 1

ზღვაოსნობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან და ეკონომიკასთან.
ექსპონატებს შორისაა სურათები, რომლებიც საზღვაო ბრძოლებს ასახავს, გემების მოდელები, რუკები, ზღვის ფსკერიდან ამოღებული სხვადასხვა ნივთები, მოწყობილია 7D ექსკურსია, საბავშვო კუთხე, მინითეატრი და ა.შ. მუზეუმის გვერდით არის გემი (ასეთი ისტინდოეთში დადიოდა), სადაც შეგიძლიათ ახვიდეთ და დაათვალიეროთ.

სამუშაო საათები: 9-დან 17 საათამდე (27 აპრილის, 25 დეკემბრის და 1 იანვრის გარდა).
ბილეთები:

4 წლამდე ბავშვები – უფასო
5-დან 17 წლამდე – 7.5 ევრო
ზრდასრულები (18+) – 15 ევრო
I Amsterdam ბარათის მფლობელები – უფასო

 

მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი
Dam,20 (სამეფო სასახლესთან)

ალბათ აქ ბევრი განმარტება საჭირო არ არის – მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი პირების ცვილის ფიგურები პოლიტიკოსებით დაწყებული მსახიობ-მუსიკოსებით დამთავრებული.

სამუშაო საათები: 10:00-17:30

ბილეთის ფასი:

უფროსები – 22 ევრო
ბავშვები – 17 ევრო
4 წლამდე – უფასო

ისე ამ მუზეუმში ფასები ცვალებადია, შეიძლება დღის განმავლობაშიც კი შეიცვალოს, მაგალითდ, შუადღეს უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე დილით.

 

ალმასების მუზეუმი
Paulus Potterstraat, 8 (სახელმწიფო მუზეუმის სიახლოვეს)

მუზეუმი მოუთხრობს ბრილიანტების მოპოვებაზე, კლასიფიკაციაზე, ნაკეთობებზე.

სამუშაო საათები: 9:00-17:00

ბილეთის ფასი:

უფროსები – 8.5 ევრო
ბავშვები – 6 ევრო
12 წლამდე – უფასო

 

მუზეუმი NEMO
Oosterdok, 2

ცენტრალური სადგურის და ზღვაოსნობის მუზეუმის რაიონში ყურადღებას იპყრობს უცნაური ნაგებობა, რომელიც დიდ გემს წააგავს.


ცენტრი სტუმრებს იღებს ყოველდღე 10:00 საათიდან 17:30 საათამდე. ბილეთი 15 ევრო ღირს. 4 წლამდე და I Amsterdam ბარათის მფლობელებისთვის შესვლა უფასოა.

 

ჰეინეკენის მუზეუმი
Stadhouderskade, 78

ეს მარტო ლუდის მუზეუმი არ არის, ის მოიცავს ინტერაქტიულ მოედანს, საგამოფენო ცენტრს და თანამედროვე ატრაქციონს. მუზეუმი ქარხნის ძველ შენობაში მდებარეობს, თუმცა იქაურობას უახლესი ტექნოლოგიები და დიზაინი მართავს.
რეკომენდირებულია!

 

 

 

 

 

 

რა ვნახოთ ამსტერდამის სიახლოვეს

 

კეკენჰოფის პარკი (Keukenhof Garden)

საუკეთესო ადგილი ნახოთ ტიტების მრავალფეროვნება. თუ გაზაფხულზე ამსტერდამში მოხვდებით, კეკენჰოფის ბაღისთვის ერთი დღე აუცილებლად უნდა გამოყოთ. ამ ბაღში 4.5 მილიონი ტიტაა და 10 მილიონამდე ყვავილი. ნამდვილი სამოთხეა.

პარკშია სამი ორანჟერეა, არხები, ხეივნები, მდელოები – მოკლედ, ხმაურისგან კარგად დაისვენებთ, რა თქმა უნდა საკმარისადაა კვების ობიექტებიც.

კეკენჰოფამდე (ქალაქ ლისემდე) ამსტერდამიდან სპეციალური ავტობუსი დადის „კეკენჰოფ ექსპრესი“ (Damrak-ის ქუჩიდან). ავტობუსი დადის სხიპხოლის აეროპორტიდანაც. გზას დაახლოებით ნახევარი საათი ჭირდება.

პარკში შესასვლელი ბილეთის ფასი ყოველწლიურად იცვლება. ბოლოს 16 ევრო ღირდა. 4-11 წლის ბავშვებისთვის – 8 ევრო. 3 წლამდე – უფასოა.

კეკენჰოფის ბაღი წელიწადში მხოლოდ ორი თვეა ღია. დაახლოებით 20 მარტიდან 20 მაისამდე (2018 წელს 22 მარტი – 13 მაისი).

 

 

ზაანსე-სხანსი (De Zaanse Schans)

ქარის წისქვილი ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოა. უფრო ახლოს გაცნობა შესაძლებელია პატარა ქალაქ ზაანსე-სხანსში, სადაც ამსტერდამიდან ავტობუსით ან მატარებლით ჩახვალთ.

ზაანსე-სხანსი – ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ მუზეუმია, სადაც ნახავთ სხვადასხვა სახის წისქვილებს. ბევრი მათგანი მუშა მდგომარეობაშია. ასევე შეგიძლიათ იხილოთ კლასიკური ჰოლანდიური ფერმა და ნახოთ როგორ მზადდება ნამდვილი ყველი, ასევე შეიხედოთ სახელოსნოში, სადაც ამზადებენ ტრადიციულ ფეხსაცმელს.

წისქვილები დამთვალიერებლებისთვის ღიაა 10:00-დან 17:00 სთ-მდე. ამსტერდამიდან დადის №391 ავტობუსი ცენტრალური სადგურიდან ყოველ საათში (40 წუთის გზაა). მატარებლით კიდევ უფრო მალე მიხვალთ (17 წუთში), ოღონდ სადგურ Koog-Zaandijk-ზე უნდა ჩახვიდეთ და მერე 15 წუთი ფეხით იაროთ.

 

ჰააგა (Den Haag)

ჰააგა – მთავრობის, პარლამენტისა და სამეფო კარის რეზიდენცია, ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. ცნობილია, რომ აქ მდებარეობს მშვიდობის სასახლე, სადაც გაეროს საერთაშორისო სასამართლო მართავს სხდომებს.

აუცილებელი სანახავია ძველი პარლამენტი, რომელიც ცენტრალური სადგურიდან არც თუ შორსაა და ფეხით მარტივად მიხვალთ.

ქალაქში ბევრია მე-17 საუკუნის რენესანსის სტილში ნაგებობა, ასევე მე-18 საუკუნის ბაროკოს და კლასიკური სახლები. ბოლო წლებში კი თანამედროვე არქიტექტურის შენობებიც მომრავლდა.

ამსტერდამის აეროპორტიდან (პლატფორმა 5-6) ჰააგისკენ მატარებლები დადიან. ბილეთი 11 ევრო ღირს, გზას სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება. მატარებელი ცენტრალურ სადგურზე ჩადის. აეროპორტიდან ჰააგაში ავტობუსი №93 მიდის, მგზავრობას 1 საათი უნდა და ბილეთი 5 ევრო ღირს.

 

დელფტი (Delft)

ნამდვილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ამ ქალაქს ჰოლანდიის „აბსოლუტურ ცენტრს“ უწოდებენ. კიდევ პატარა ამსტერდამს. დელფტის ისტორიული ცენტრი შემონახულია მე-17 საუკუნიდან.

ამბობენ, რომ დელფტის სავაჭრო მოედანი, 109-მეტრიანი ახალი ტაძრით (ნივეკერკი) ყველაზე ლამაზია ქვეყანაში.

ამსტერდამიდან დელფტამდე მატარებლით ერთ საათში ჩახვალთ. ბილეთის ფასი 12,7 ევროა ერთი მიმართულებით. ასევე შეიძლება ჰააგადან წასვლა. ანუ ამსტერდამიდან ჯერ ჰააგაა და შემდეგ დელფტი. თუ ყველაფრის ზედმიწევნით კარგად ნახვას არ გეგმავთ, ამ ორ მარშრუტს ერთ დღეში მოასწრებთ.

 

 

გიტხორნი (Giethoorn)

ჰოლანდიის ვენეცია, სოფელი გზების გარეშე – პატარა დასახლება გიტხორნი სხვადასხვა რომანტიული სახელითაა ცნობილი. ის ამსტერდამიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს, მაგრამ ტურისტები მაინც ბლომად ჩადიან.

გიტხორნში ექსკურსია ამსტერდამიდან 75 ევრო ღირს (სოფლის არხებში სეირნობაც შედის), ბავშვებისთვის 50%-იანი ფასდაკლებაა. ეს ალბათ კარგი ფასია, რადგან ამსტერდამიდან მარტო მგზავრობა შეიძლება 50 ევრო დაგიჯდეთ.

გიტხორნის არხები დაახლოებით 7.5 კმ-ია. სოფელი 1230 წელს დაფუძნდა. გადაადგილებისთვის არის ველობილიკი და მრავალი წყლის არხი.

ამსტერდამიდან ელექტრომატარებლით უნდა წახვიდეთ. გზას 2.5 საათი სჭირდება, თან ორი გადაჯდომა მოგიწევთ. ბოლო გაჩერებიდან (Steenwijk) სოფლამდე ავტობუსი მიდის, შემდეგ კი ან ფეხით ან ნავით.

ფულიანი ხალხისთვის კი ცუდი ინფორმაცია: აქ სახლები არ იყიდება (გარკვეული დროით დაქირავება შეიძლება), ადგილობრივებს არ სურთ ჩვეული ცხოვრების სტილის დარღვევა და უცხოელებს მხოლოდ დროებით უშვებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები