LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამული სახლი სოლოლაკში, რომლის ინტერიერიც სტუმრებს ამბავს უყვება (ფოტოები)

883
75564659-2479029382415136-1111838093721206784-n

სახლი, სადაც თანამედროვეობის კომფორტი იდეალურად ერწყმის დეკორატიულ დეტალებში გადანაწილებულ ქალაქის ისტორიასა და წარსულს – ეს ყველაზე ორიგინალური აპარტამენტია სოლოლაკში, რომელიც ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს და რომლის მფლობელიც თეატრის კრიტიკოსი გვანცა გულიაშვილია.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას გვანცა ამბობს, აპარტამენტი ამსტერდამულ სტილშია გადაწყვეტილი და მისი ასე მოწყობის იდეა, სწორედ ნიდერლანდების დედაქალაქში მოგზაურობისას გაუჩნდა.

„ამსტერდამში მოგზაურობისას ნებისმიერი ტურისტი შენიშნავს უზარმაზარ ფანჯრებიან სახლებს. როგორც წესი, ფანჯრებზე არ არის ჩამოფარებული ფარდა. სეირნობ უცხო ქალაქში და გრძნობ, როგორ გიზიდავს ამ უფარდო ფანჯრებს მიღმა არსებული სივრცეები. თითქოს თავისდა უნებურად მოდის ფიქრი, რომ ქალაქის სული არა ვან გოგის მუზეუმში, ტიტების ბაზარში, ან ბოჰემურ უბნებში უნდა ეძებო, არამედ უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანების სახლებშია. ეს ამსტერდამული შთაბეჭდილება იქცა ინსპირაციად გამეკეთებინა სახლი, რომელიც თბილისში ჩამოსულ ტურისტს არა უბრალოდ მყუდრო და კომფორტულ გარემოს შესთავაზებდა, არამედ მოუყვებოდა ამბავს პატარა, ძველისძველ ქალაქზე, რომელსაც საინტერესო და უნიკალური ისტორია აქვს“, – ამბობს თეატრის კრიტიკოსი გვანცა გულიაშვილი.

მისივე განმარტებით, იდეის განხორციელებაში მას სცენოგრაფი და ინტერიერის დიზაინერი ქეთი ნადიბაიძე დაეხმარა, რომელმაც პროექტზე იმუშავა და შექმნა ინტერიერი, რომელიც ამბავს თხზავს, უამბობს და ამბის მონაწილედ აქცევს სახლის სტუმრებს.

„ძველი ქართული აგურით მოპირკეთებული ნიშები, ულამაზესი ხის კარ-ფანჯრები, რომელთა რამდენიმე პირი სხვადასხვა ფერის საღებავის ქვეშ აღმოჩნდა, და ასევე საოცარი ხის იატაკი აღვადგინეთ და პირველადი სახე დავუბრუნეთ“, – განმარტავს გვანცა გულიაშვილი და დასძენს, რომ „არ არსებობს მეტად და ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალები – ლამაზი ავეჯიდან თუ ფარდაგებიდან დაწყებული, ჩაის ფინჯნებით და ღვინის ბოთლის გასახსნელით დასრულებული, ყველა დეტალი  გასათვალისწინებელია. ყველაფერი ერთი მთლიანის ნაწილია და განწყობის შექმნისას სწორედ ამ მთლიანობას აქვს მნიშვნელობა“.

გვანცას თქმით, აპარტამენტის მოწყობისას მაქსიმალურად გამოიყენეს ქართულ ხელოვნებაში შექმნილი საინტერესო ნიმუშები, ამასთან ავეჯის უმრავლესობა საქართველოში დაამზადებინეს, დიდი დატვირთვა მიანიჭეს მეორად ნივთებსაც და აღმოაჩინეს მათი უნიკალურობა.

აღსანიშნავია, რომ ეს უნიკალური ამსტერდამული სახლი სოლოლაკში ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აპარტამენტი ბინების გაქირავების გლობალურ პლატფორმა Airbnb-ზეა განთავსებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დამსვენებლები მუდმივად ჰყავს.

როგორც აღმოჩნდა, თეატრის კრიტიკოსი, ბოლო რამდენიმე წელია, საკმაოდ აქტიურადაა ჩართული ქართული ტურიზმის განვითარების საქმეში და ამსტერდამული სახლის გარდა სოლოლაკში, ასევე ლადო ასათიანის ქუჩაზე კიდევ ერთ აპარტამენტს ფლობს, გვანცას საკუთრებაშია 3 აპარტამენტი სარაჯიშვილის ქუჩაზეც, რომლებიც ასევე ტურისტების მისაღებად წელიწადის 4-ივე სეზონზე მზადაა. გარდა ამისა, გვანცა გულიაშვილი ამ ეტაპზე კიდევ 2 პროექტზე მუშაობს – ისევ სოლოლაკში, ამჯერად უკვე მაჩაბლის ქუჩაზე.

„ტურისტი უნდა მივიღოთ როგორც თავისივე სახლში მოსული, რომელსაც შევუქმნით სასიამოვნო განწყობას და გავუჩენთ სურვილს აუცილებლად დაბრუნდეს“, – ამბობს თეატრის კრიტიკოსი.

ფოტოების ავტორია: ალექსანდრე დავითაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g