მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, სცენარისტი, ანა სანაია პანდემიის შემდეგ საკუთარ თავში დიდ ცვლილებებს ხედავს, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნული კომპლექსებისგან გათავისუფლების თვალსაზრისით. მარჯანიშვილის თეატრის ეზოში fortuna.ge-სთვის საინტერესო საუბარი შედგა მასთან.
პანდემიის პერიოდმა რა მოგცა პროფესიულად და პიროვნულად?
დავიწყებ პროფესიით, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის, დავაარსე ციფრული თეატრალური ფესტივალი, რაც იყო თეატრთან დაკავშირებით, არქივებში, აბსოლუტურად ყველაფერი ვნახე. ძალიან დიდი გადაფასებები მოხდა ამ წლების განმავლობაში და გამიჩნდა აზრი, რომ თეატრიდან ხალხი რეალურ ცხოვრებაში არ გადის და საზოგადოებას არ იცნობენ, მერე წუწუნებენ, რომ თეატრში მაყურებელი არ დადის, სინამდვილეში, ვერ ვესაუბრებით ადამიანებს იმ ენაზე, რაზეც ისინი საუბრობენ. ნელ-ნელა დავიწყე ამის გაცნობიერება და გამოღვიძება, გამიჩნდა არაერთი იდეა, რაშიც ბევრი ამყვა და ბევრი – ვერ.
მეორე მხრივ, ამდენი შემთხვევის მიღმა, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანებისთვის ტრავმა აღმოჩნდა, რაღაცის კეთების სურვილი, როგორც დიასახლისს, როგორც მსახიობს, როგორ მძღოლს თუ სხვა ვინმეს, გიქრება. პანდემია თითქოს დასრულდა, ომი დაიწყო, ამდენი ცუდი ამბისთვის თეატრალური სფერო ძალიან მყიფე აღმოჩნდა. ვისურვებდი, რომ დღეს, როდესაც შეზღუდვები აღარ გვაქვს, სიახლეებისა და ნოვატორული იდეებისთვის გაიხსნას თეატრალური სამყარო, თორემ ყველაფერი, რაც ახლაა, რეტროგრადულია. თითზე ჩამოსათვლელი არტისტები არიან, რომლებიც ახლოს არიან თანამედროვეობასთან.
ბევრი ფიქრობს ისე, როგორც შენ?
ზუსტად ვიცი, რომ ახალგაზრდები ასე მსჯელობენ. უფროსი თაობა სხვა ქსოვილში დაიბადა და ასე არ ფიქრობს, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირმა თავისებური ჩაკეტილობა დაატყო, რაც დღემდე მოჰყვება. ის პრობლემები, რაც იყო, პანდემიამ ზედაპირზე ამოატივტივა. ყველაფერი არის ნათელი, ერთმნიშვნელოვანი და გასაგები.
რაც შეეხება პიროვნულ თემას – ზოგადად, ძალიან დეპრესიული ადამიანი ვარ, ამას ვერავინ ხვდება, პანდემიის დროს კი უფრო მეტი სილაღე შევიძინე. კარგად გავიაზრე, რომ თუკი ადამიანი არ იქნება, არ იქნება არაფერი, მათ შორის, არც თეატრიც. სრულიად მოვიხსენი ჩაკეტილობა, არ აქვს მნიშვნელობა, სადაც ვიდგები, ქუჩაში თუ სცენაზე, ყველგან შემიძლია ვითამაშო, ვთქვა ის, რაც მინდა, რომ ვთქვა. გავთავისუფლდი იმ ყველაფრისგან, რაშიც ვიზრდებოდი, ვიყავი და „ვიხარშებოდი“. მსახიობებს კიდევ უფრო გამძაფრებული აქვთ კომპლექსები. ვფიქრობ, არტისტი არაფერზე უნდა იყოს დამოკიდებული, გარდა სიტყვისა, ტექსტისა. ახლა საკუთარ თავზე თავად ვარ პასუხისმგებელი და ეს ძალიან მომწონს.
განვლილ ცხოვრებას რომ გადაავლებ თავს, სინანული არ გიპყრობს?
არანაირი სინანული არ მაქვს არც პროფესიულ და არც პირად ცხოვრებაში. ღმერთზე უკეთ არ ვიცი რაღაცები. ვიცი, რომ დანაშაული არ მიმიძღვის, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, გული არავისთვის მიტკენია და თუ მიტკენია, ამისთვის ბოდიშიც მაქვს მოხდილი, ყველაფერი გარკვეული მაქვს, სხვისი ვალი არ მაქვს, იქით აქვთ ჩემი ვალი. არ მინდა, სხვებისთვის „დამამსხვრეველი“ ვიყო. თუკი ვინმე ცუდს გისურვებთ, თქვენი „ჰეითერები“ მხოლოდ გაძლიერებენ. სხვადასხვა დამოკიდებულებას შეხვდებით, ზოგი შურით გიყურებთ, ზოგი – ეჭვის თვალით, ეს ბუნებრივია, ეს სულ უნდა იყოს, თუ ხარ არტისტი – უნდა იყო პროვოკატორი, კარგი გაგებით, საინტერესო პროცესების გამომწვევი.
სოციალური ქსელი და მისი ადგილი შენს ცხოვრებაში…
ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია – ვარ „ფეისბუქ-სთარი“, ალბათ, გაგონილი გექნებათ. ამას წინათ მითხრეს, შენი „ფეისბუქ“-სტატუსები წიგნად ხომ არ გამოვცეთო, რაზეც ბევრი ვიცინე, მაგრამ თან, სასიამოვნო იყო. პანდემიის დროს უამრავი ადამიანი მხვდებოდა და მეუბნებოდა, რომ ჩემს გვერდზე შემოსული კარგ ხასიათზე დგებოდა. რამდენ სპექტაკლში ვმონაწილეობ და ხალხი „ფეისბუქ“-სტატუსებით მცნობს (იღიმის).
ყველაზე პოპულარული რომელი ვიდეო იყო შენი სოცქსელიდან?
„არ იდარდოს“ და „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილის“ „ქოსფლეი“. ეს ვიდეოები ძალიან მოეწონათ. მათში დიდი შრომა ჩავდეთ. რეპორტაჟიც კი მიუძღვნეს იმას, როგორ ვემზადებოდით ამ ვიდეოების გადასაღებად. ჩემი გოგონათა „დასი“ არის ძალიან ნიჭიერი. ახლაც, ფილმშიც გადავიღე – როგორც გინდა, რაც გინდა უთხარი, ნებისმიერ იდეაზე აენთებიან, თავიანთ იდეებსაც გაწვდიან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზემოხსენებული ვიდეოები სრულიად დაუგეგმავად გადავიღეთ.
აქვს მნიშვნელობა, რა ხერხით მოიპოვებ პოპულარობას – როცა სოციალურ ქსელებში პოპულარობაზე ვსაუბრობთ?
არა, რა თქმა უნდა. ჩვეულებრივ ადამიანს სოცქსელში გამოქვეყნებული მონოლოგით გამოუმჟღავნებია თავისი არტისტული ბუნება, გამხდარა პოპულარული და საზოგადოება დაინტერესებულა, რას აკეთებს საკუთარ პროფესიაში. ეს აუცილებლად არის გამოსაყენებელი. როცა სოციალური ქსელი არსებობს და შენ მსახიობი ხარ, მისი გამოყენება აქტიურად შეგიძლია. არ მჯერა, რომ მარტო კულისებში დგომაა არტისტობა და ასეთი მცირე გამოვლინებები არ კრავს შენს სახეს, როგორც არტისტისას. ჩემი ენამოსწრებულობა, იუმორი, ძალიან ხისტი – მე ინგლისურს ვეძახი, დედაჩემი – ჩეხურს, ალბათ, ჩაპეკის გამო… სოციალური ქსელი რომ არ ყოფილიყო, ჩემს ამ უნარებს კაცი ვერ გაიგებდა… სახალხოს რომ ეძახდნენ ადრე, ახლა ეს სოციალურ ქსელებში პოპულარობით გამოიხატება.
შენი აზრით, მამაკაცებს რა ხიბლავთ შენში?
არ ვიცი, რა ხიბლავთ… მგონი, ჩემი ენერგია, მათ შორის, შემოქმედებითიც.
შენ შენივე პროფესიის ადამიანები მოგწონს თუ არა?
არა, ნაკლებად… ზოგადად, ვინ მოგეწონება, ამას ხომ არ ირჩევ? ეს მოდის და თავისთავად ხდება.
ახლა თუ არის შენს ცხოვრებაში ურთიერთობა, რომელიც სერიოზულად გაფიქრებს?
როგორ გითხრა, არ ვიცი… ყველაფერზე ვსაუბრობ, პირადი ცხოვრების გარდა. ზოგადად, ჩემს ცხოვრებას პირადად და არაპირადად არ ვყოფ, ყველაფერი ერთიანად მიმაჩნია, უბრალოდ ვცხოვრობ.
ძნელია შენი დაჭერა მეორე ნახევრის მხრიდან?
ერთი მხრივ, ალბათ, არა, რადგან რაც უნდა იყოს, ყველაფრის მამოძრავებელი სიყვარულია. მეორე მხრივ, ურთიერთობა არ უნდა გახდეს ტოქსიკური. თუ ასეა, ე.ი. არასწორი რამ ხდება. ქალებს უჭირთ რაღაცებზე უარის თქმა, მეც გამჭირვებია, მქონია დაბრკოლებები, მოვხარშულვარ ამ ყველაფერში და მტკენია, ყველაფერი გამივლია და უბრალოდ, ვიცი, რომ სიყვარული უნდა გავსებდეს და არ უნდა გფიტავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქალს აქვს ენერგია, ციმციმებს, აქვს თავისი საყვარელი საქმე და არ აქვს მნიშვნელობა, ეს საქმე რა არის.
სოცქსელებზე ვსაუბრობდით და შენი და ბიძინა კულუმბეგოვის ეპოპეა ახალი სერიებით გაგრძელდება?
(იცინის) ახლა არ მცალია, ძალიან დაკავებული ვარ, ახლაც რეპეტიციაზე გავრბივარ. ყველაფერს რომ მოვრჩები ზაფხულში, ახალ სერიაზე დავიწყებ პატარა სინოფსისის წერას. ძალიან მიყვარს ჩემი სოციალური ქსელის პარტნიორი, ამ დუელის მეორე მხარე, თვითონაც, როგორც ხედავთ, ტოლს არ მიდებს, არის არაჩვეულებრივი მწერალი, პოეტიც, რომ არ იყოს ასეთი და არ იყოს მრავალმხრივად ნიჭიერი, ჩვენი დუეტი ვერ შედგებოდა. რაღაცას რომ დავუწერ ხოლმე, ხალხი მწერს, არ ვიძინებთ და ველოდებით, რას გიპასუხებსო.
ფოტო: დათუნა აგასი
ინტერვიუ: ნინო მურღულია