მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
დაკავებულის დედა წერს, რომ ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, თუმცა ამასთან, აცხადებს, რომ მისი შვილი მომხდარ მკვლელობასთან თანამონაწილეობაში არ ყოფილა. ანასტასია ბერუაშვილის დედა წერს, რომ მისმა შვილმა გარდაცვლილის სახელი და გვარიც კი არ იცოდა.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მარტო ორი დღე…. არა რაც ეს ამბავი ჩემს ოჯახს ჩემს ანასტასიას გადახდა თავს მის მერე მე მე არ ვარ.
არ დავიწყებ იმის საუბარს რომ, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ეს ასე უნდა მოხდეს და ასეცაა..
„თბილისის მთავარი სამმართველოს იზოლატორშია მოთავსებული აბსურდული, სავარაუდო ბრალდებით. ეს ბავშვი არაფერს შესწრებია და არაფერი იცოდა“, – ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი, ქეთევან ვარდანაშვილი
„სისხლის სამართლის საქმეში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა.“
აქვე განვმარტავ ანასტასია ბერუაშვილი ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა… ის რომ ერთ-ერთის “შეყვარებულად” ფიქსირდებოდა ამ მკვლელობასთან თანამომაწილეობაზე არ მიუთითებს და საერთოდაც არანაირი მეგობრული კავშირი არ ქონია მათთან…(დაკითხონ ის პირებიც)
იტყვით რა დროს “შეყვარებული”-სა დრო იყო … აქვე გეტყვით ყველას გვქონია ეს ასაკი, მას არ დაუმალავს ამის შესახებ მე და ბებიას გავიმხილა მისი პატარა საიდუმლო.
თურმე ბედი რა სიურპრიზს უმზადებდა და მისი ეს ბავშვური “სიყვარული” რამხელა განსაცდელს უქსოვდა წინ….
ვინც ანასტასიას იცნობს თუნდაც ერთხელ გყავთ ნანახი სულ მომღიმარი და ისეთი წრელია არანაირი ბოროტული მასში არ ყოფილა არასდროს…
არასოდეს დამიწერია სოც ქსელში შეურაცხმყოფელ მონაწერებზე პასუხი პირიქით სულ იმას ვიძახდი რომ ქ.ეკა შვილმკვდარი დედააა ამაზე უარესი მდგომარეობა არ არსებობს მე მესმის ვიაზრებ და ვიზიარებ მის ამ განსაცდელს მაგრამ გ ა ნ ვ მ ა რ ტ ა ვ :
ანასტასია არათუ იცნობდა მის შვილს სახელი და გვარიც კი არ იცოდა მისი და სიკვდილი რა მოტივით “ენდომებოდა” უცნობი ადამიანის ???? კი დაფიქსირდა ზარი სადაც უთხრა ანასტასიას გ.რ – ემ რომ მან და მისმა მეგობარმა იჩხუბეს… ანასტასიას უნდა დაერეკა პოლიციაში და ეს უნდა ეთქვა მოხდა ჩხუბი როდესაც ან რატო უნდა სცოდნოდა აწ გარდაცვლილის სახელი გვარი და მისამართი… რომც დაერეკა ამასაც სხვა განხილვა მოჰყვებოდა….
მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს და დავამტკიცებთ ჩემი გოგოს ბრალეულობა ამ საქმეში ნამდვილად არაფერია….“
ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. ბრალის მიხედვით, იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან, ანასტასია ბერუაშვილს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას.
უფრო კონკრეტულად, ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს – ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.
