საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე B ჯგუფში იასპარეზა და 8 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.
+75 კგ. წონით კატეგორიის გამოსვლები ქალთა შორის 14 აგვისტოს ჩატარდა. B ჯგუფში გოტფრიდმა ატაცში 113 კგ. დაძლია, აკვრაში კი 135 კგ. და ჯამში 248 კგ-თი მე-4 ადგილი დაიკავა. საუკეთესო მაჩვენებელი B ჯგუფში ვენესუელას წარმომადგენელ ისაბელ ესპინოზას ჰქონდა, რომელმაც ჯამში 273 კგ (121-152) დაიმორჩილა.
საბოლოოდ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების პირველმა წევრმა სადებიუტო ოლიმპიადა მე-12 ადგილზე დაასრულა.
14 აგვისტოდან სტარტი აიღო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრმა. პირველ დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 75 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილმა იჭიდავა, თუმცა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველი სპორტსმენი პირველივე შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელ დოსჟან კარტიკოვთან დამარცხდა და მედლისათვის ბრძოლას გამოეთიშა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან დღეს, 15 აგვისტოს 85 კგ-ში რობერტ კობლიაშვილი, 130 კგ-ში კი იაკობ ქაჯაია იჭიდავებენ.
ძალოსანთა შორის დღეს რიო 2016-ზე 105 კგ-ში ახალგაზრდა გიორგი ჩხეიძე გამოვა, 16 აგვისტოს კი მედლებისათვის + 105 კილოგრამ წონითი კატეგორიის სპორტსმენები – ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იბრძოლებენ. ასევე 15 აგვისტოს იასპარეზებს ახალგაზრდა მძლეოსანი ლაშა თორღვაიძე, რომელიც სამმაგ ხტომაში მიიღებს მონაწილეობას.
ამ ეტაპისათვის, საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 2 მედალი – 1 ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და 1 ბრინჯაო (ლაშა შავდათუაშვილი) აქვს მოპოვებული. ორივე მედალი ძიუდოისტთა ანგარიშზეა.