მიიღებს თუ არა ევროპული საბჭო ევროკომისიისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ბრიუსელში 17 ივნისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ევროპული პერსპექტივის გახსნას გულისხმობს.
დღეს, 23 ივნისს, ევროპული პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაში კი, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას ემხრობა, ნათქვამია, რომ საქართველომაც უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც მთავრობა ევროკომისიის მიერ შედგენილ პრიორიტეტებს დააკმაყოფილებს.
ევროპული პარლამენტის დღევანდელი რეზოლუციას უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ ეტაპზე, “გარკვეული პაუზა აქვს დემოკრატიზაციის გზაზე”.
“უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს უსამართლო ქმედებამ, ომის გაჩაღებამ შუაგულ ევროპაში, ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის გარკვეული პერსპექტივა შექმნა, შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა იმისათვის, რომ ევროპაში ინტეგრაცია, ყოველ შემთხვევაში ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, გაცილებით უფრო გამარტივებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის საქართველოს გარკვეული პაუზა აქვს საკუთარი დემოკრატიზაციის გზაზე და ეს აისახა დღევანდელ ვერდიქტზეც”, – თქვა ანდრო გოცირიძემ.
თუმცა, უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი დასძენს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაში პოზიტიური გზავნილიც იკითხება.
“იმ პირობებშიც კი, თუკი მთელი წყება კომპონენტებით ჩვენ ამ ქვეყნებს ვჯობნით, სახეზეა ის მომენტი, რომ მოლდოვას მხრიდან ძალიან დიდი პროგრესია ევროპული ინტეგრაციის კუთხით, უკრაინის მდგომარეობა საერთოდ არ არის ტიპური მდგომარეობა და შესაბამისად, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ გზას დაადგეს, თუმცა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებებში პოზიტივია ის, რომ გაფართოება ცალსახად განგრძობადი პროცესია ევროკავშირის ქვეყნების თვალსაზრისით და მეორე ის, რომ საქართველოსთვის ეს გზა ოფიციალურად დადასტურდა.
უბრალოდ, ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზე და საქართველოს ამჟამინდელ თუ მომდევნო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული თუ რომელი მოახერხებს ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებას”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.
ცნობისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, რომლის სამიტი 24 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება.