LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდროპაუზა

121
ანდროპაუზა

ანდროპაუზას დაკავშირებულია მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის ასაკობრივ დეფიციტთან. ანდროპაუზის, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომის დიაგნოზი 35-დან 65 წლის ასაკის მამაკაცებში ისმება. ჯანმრთელ მამაკაცებში ტესტოსტერონის შემცველობა პლაზმაში უმნიშვნელოდ იცვლება 50-55 წლის ასაკამდე, შემდგომ კი მისი დონე იკლებს 1%-ით წელიწადში. ანდროპაუზის დროს კი ტესტოსტერონის დონის დაქვეითება მამაკაცებში 30 წლის ასაკიდან იწყება. ამ დროს მამაკაცები უჩივიან: საერთო სისუსტეს, გუნება-განწყობილების დაქვეითებას, წონაში მატებას, ჰაერის უკმარისობას, თავბრუსხვევას, ტკივილებს გულის არეში, გულის ფრიალს, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო სექსუალური დისფუნქციებია. 

ანდროპაუზისთვის ტიპიურია ერთდროულად რამდენიმე სახის, ანუ შერეული ხასიათის სექსუალური დისფუნქციების განვითარება. ერექციული დისფუნქცია მჭიდრო კავშირშია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტთან, დისლიპიდემიასთან, ჰიპერქოლესტერინემიასთან და სიმსუქნესთან. მკურნალობის დაწყება დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენადაა გამოხატული, ტესტოსტერონის დონის მკვეთრი დაქვეითება. აუცილებელია შეფასდეს, თუ როგორია ლიპიდების სპექტრი, ჰომა ინდექსი, გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის დონე. 

ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოდიაგნოსტიკური გამოკვლევა ფსიქიკური აშლილობების გამოვლენისა და ადეკვატური, ჯანსაღი ფსიქოლოგიური განწყობის შექმნის მიზნით. მედიკამენტების დანიშვნამდე აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობის საგულდაგულო დადგენა პროსტატის კიბოსა და კეთილთვისებიანი ადენომის გამორიცხვის მიზნით. დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული ანდროპაუზის დროს განვითარებული სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა, რომელიც კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები